03 აგვისტო 2026,   17:07
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას საქმის განხილვა გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას საქმის განხილვა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. გამოჰკითხეს ყოფილი რწმუნებული ვაჟა ლომიძე.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიწინავამ ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ერთ-ერთი მოწმე ადმინისტრაციული ერთეულის ყოფილი ხელმძღვანელია.

"დღეს დაიწყო ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს მოიყვანეს ორი ადგილობრივი წარმომადგენელი, ოღონდ არა ჩორჩანელი - სხვა სოფლის წარმომადგენლები. რამდენად ობიექტური შეიძლება იყოს იმ ადამიანის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც პარტიულად დაქვემდებარებულია "ოცნებას", იყო ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი და რომელსაც 2019 წლის აგვისტოში სხვა განცხადებები აქვს გაკეთებული", - აცხადებს ბერდია სიჭინავა.

მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემაც.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაკითხა ორი მოწმე, - ესენი არიან სოფელ ჩორჩანას მიმდებარე სოფლების მოსახლეობა და მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ მიაწოდეს ინფორმაცია სასამართლოს 2019 და შემდგომ წლებში განვითარებულ მოვლენებზე, ანუ, გიორგი გახარიას მიერ ერთპიროვნულად მიღებულ საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილებას რა შედეგები მოჰყვა.

ინტერვიუ ეხებოდა საზღვრისპირა ხაზს, ხოლო მოწმე საუბრობდა, ამ შემთხვევაში, დაახლოებით, 250 ჰექტარ ტყის მასივზე, რომლითაც სარგებლობდა ქართული მოსახლეობა. მოწმეების ჩვენები იყო სანდო, თანმიმდევრული და დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ სასამართლოს. რაც შეეხება კონკრეტულ ინტერვიუში მოწოდებულ გარემოებას, ამასთან დაკავშირებით, დააზუსტა მოწმემ, რა გამოებას გულისხმობდა, ვინაიდან იყო ზოგადო ფრაზა გამოყენებული ინტერვიუში", - აცხადებს პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი ასევე ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

დღის ამბები