საბეჭდი მანქანის გამოგონებამდე ინფორმაცია ზეპირი და წერილობითი ფორმით ვრცელდებოდა. ყველაზე ადრეულ ჟურნალისტურ პროდუქტად კი, შეგვიძლია ძველ რომში გავრცელებული ერთგვარი საინფორმაციო დაფები (Acta diurna) მივიჩნიოთ.
თუმცა XV საუკუნეში საბეჭდი დაზგის გამოგონებამ და სტამბების ჩამოყალიბებამ, ინფორმაციული რევოლუცია მოახდინა.
პირველი ბეჭდური ტექსტი
868 წლის ჩინური "ალმასის სუტრა", მსოფლიოში პირველი ნაბეჭდი წიგნია
• მიჩნეულია, რომ საბეჭდი მანქანა გერმანიაში იოჰან გუტენბერგმა გამოიგონა, თუმცა პირველი ტექსტი მას არ დაუბეჭდავს.
• ქაღალდი და მოძრავი მეტალის ანბანი ჩინეთში შექმნეს, ჰქონდათ მელანიც. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ხელით ბეჭდვის ტექნიკასაც იყენებდნენ.
• თუმცა პირველი მოძრავი მეტალის შრიფტით დაბეჭდილი ტექსტი კორეაშია აღმოჩენილი და ის მე-14 საუკუნით თარიღდება.
მექანიზებული სტამბის ტიპმა, რომელიც იოჰანეს გუტენბერგმა შექმნა, დიდი რაოდენობით წიგნების დამზადება, პირველად, ევროპაში გახადა შესაძლებელი. სტამბების გამოყენება ჟურნალისტური პროდუქტის შესაქმნელად და გასავრცელებლად მე-17 საუკუნუნის პირველ ნახევარში დაიწყეს.
იოჰან გუტენბერგი ცნობილია ბეჭდვის გამოგონებით, მაგრამ მას ის არ გამოუგონებია, მან უბრალოდ იპოვა ბეჭდვის უკეთესი გზა.
ადრე ხალხი ბეჭდავდა ხის ნაჭრების გამოყენებით ან უბრალოდ წერდნენ ხელით, ამიტომ, წიგნები იყო ძალიან იშვიათი და ძვირი. მათი ყიდვა და წაკითხვა მხოლოდ მდიდარ ხალხს შეეძლო. კითხვა თანდათან უფრო მეტმა ადამიანმა ისწავლა და წიგნებიც უფრო პოპულარული გახდა. შედეგად, მთელს მსოფლიოს სურდა უფრო მარტივი, იაფი და სწრაფი ბეჭდვის გზა ეპოვნა.
გუტენბერგს წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ ბეჭდავდნენ ჩინეთში. მისი იდეა იყო გაეკეთებინა მეტალის შტამპი ანბანის ყველა ასოსთვის და გამოეყენებინა ისინი კვლავ და კვლავ. საბეჭდ მანქანას შეეძლო დაებეჭდა ასობით ასლი ძალიან სწრაფად.
გუტენბერგს ანბანის ყველა ასოს გასაკეთებლად დიდი დრო დასჭირდა, საბოლოო მანქანის დასამზადებლად ფული არ ჰქონდა, ამიტომ თანხა იოჰან ფუსტისგან ისესხა და ისინი ბიზნესპარტნიორები გახდნენ. 1455 წელს დაბეჭდეს პირველი წიგნი - ბიბლია.
იოჰან ფუსტი კარგი ბიზნესმენი იყო და გუტენბერგის გამოგონების მნიშვნელობას კარგად ხვდებოდა. მან გუტენბერგს ნასესხები ფულისთვის სასამართლოში უჩივლა.
გუტენბერგს ფული არ ჰქონდა, ამიტომ, ფუსტმა მას საბეჭდი მანქანა ჩამოართვა და თავისი ბიზნესი დაიწყო. გუტენბერგი 1468 წელს, სიღარიბეში გარდაიცვალა.
დღეს ხალხს ახსოვს იოჰან გუტენბერგი. ქალაქ მეინზში არის მისი ძეგლი და მუზეუმი. მისი საბეჭდი მანქანაც სწორედ ამ მუზეუმში ინახება, მუზეუმში ყოველდღე ბეჭდავენ რამდენიმე გვერდს იმის საჩვენებლად, რომ გუტენბერგის საბეჭდი მანქანა ისევ მუშაობს. ახლა, პირველი ნაბეჭდი ბიბლიის მხოლოდ 48 ასლი არსებობს და ის მსოფლიოში ყველაზე ძვირი წიგნია.
1987 წელს, გუტენბერგის ბიბლია, ნიუ-იორკში 5,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.
დაიბეჭდა პირველი რეგულარული გაზეთები:
• გერმანია - 1609;
• შვეიცარია - 1610;
• ინგლისი - 1621;
• საფრანგეთი - 1631;
• იტალია - 1636;
საქართველოში პირველი გაზეთი 1819 წელს გამოვიდა.
ამერიკა ჯერ კიდევ კოლონია იყო, როდესაც იქ ბეჭდური პრესის გავრცელება დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ გაზეთები აქტიურად იყვნენ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, "ბოსტონის ჩაის სმა" ერთ-ერთი გაზეთში (Boston Gazette) დაიგეგმა.
• ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კონსტიტუციაში პირველი შესწორება სიტყვისა და პრესის თავისუფლება იყო.
• ეს იმ ფონზე, როდესაც არაერთ ქვეყანაში ინფორმაციის გავრცელებას, ჯერ ისევ ხელისუფლებები აკონტროლებდნენ.
ტექნოლოგიური განვითარება
ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად დაიხვეწა ბეჭდვის პროცესიც. თუ გუტენბერგის საბეჭდი მანქანა საათში ერთ ფურცელს ბეჭდავდა, 1814 წლიდან, The Times-ში ორთქლზე მომუშავე საბეჭდი მანქანის გამოყენებით, საათში 5000 ასლს აკეთებდნენ.
ჟურნალისტიკის ფართოდ გავრცელებამ კი, ინფორმაციის შორ მანძილზე სწრაფად გავრცელების საჭიროება გააჩინა.
დღეს ცნობილი და გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" პირველი იყო, რომელმაც ეს გამოწვევა გადაჭრა, ერთი შეხედვით უცნაური, მაგრამ იმ დროისთვის ეფექტური გზით.
"როიტერი" მტრედებს იყენებდა საინფორმაციო ფურცლების გასავრცელებლად აახენი-ბრიუსელის მარშრუტზე. მტრედებს გზაში ორი საათი სჭირდებოდათ, რაც რკინიგზაზე გაცილებით სწრაფი იყო. ფრინველების გამოყენება გამოცემამ ერთ წელში შეწყვიტა.
ტექნოლოგიების, ბეჭდვისა და კომუნიკაციის სფეროში მკვეთრმა განვითარებამ, მე-19 საუკუნის ბოლოს მედია მძლავრ იარაღად აქცია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბეჭდი მანქანის გამოგონება, მედიის განვითარებისა და დახვეწის კუთხით პირველი ნაბიჯი იყო.
ამ გამოგონებამდე თითოეული ტექსტი ხელით იწერებოდა - შესაბამისად, პროცესი იყო ძალიან ნელი, ხოლო შეცდომების გამოსწორება დიდ სირთულეებთან დაკავშირებული. მე-19 საუკუნეში შექმნილმა საბეჭდმა მანქანამ ეს რეალობა შეცვალა.
კრისტოფერ ლათამ შოლსი, კარლოს გლიდენი და სემუელ სოული იყვნენ ისინი, ვინც 1860-იან წლებში შექმნეს საბეჭდი მანქანის პირველი პრაქტიკული მოდელი, 1873 წელს კი მისი პირველი კომერციულად წარმატებული ვერსია - Sholes & Glidden.
სწორედ ამ მოწყობილობამ დაამკვიდრა QWERTY კლავიატურა, რომელსაც დღესაც ვიყენებთ.
საბეჭდი მანქანის გამოგონება იმ ტექნოლოგიურ საფუძვლად იქცა, რომელმაც ბიძგი მისცა თანამედროვე კომუნიკაციის განვითარებას.
ამჟამად საბეჭდ მანქანებს თანამედროვე დაწესებულებებში ისეთ გარემოებებში იყენებენ, სადაც კომპიუტერი არაპრაქტიკული ან მოუხერხებელია, მაგ. ფორმების შევსებისას და კონვერტებზე მისამართის დასაბეჭდად. დასავლეთში ერთადერთი საწარმო, რომელიც მექანიკურ საბეჭდ მანქანებს კვლავაც აწარმოებს, ოლივეტია, დანარჩენი მწარმოებლები მხოლოდ ელექტრონულ მანქანებს უშვებენ.