14 სექტემბერი 2026,   15:11
ვრცლად
მხარს დავუჭერთ ამ გადაწყვეტილებას - დიმიტრი ხუნდაძე სტრუქტურულ ცვლილებებზე

პარლამენტი სტრუქტურულ ცვლილებებზე მუშაობას დაჩქარებული წესით განაგრძობს. დღეს სესიაზე პირველი მოსმენით გადის კანონპროექტი "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ". ცვლილებების თანახმად, ქვეყანას ახალი სახელმწიფო მინისტრი ეყოლება, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში ამ თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელიც პარალელურად ვიცე-პრემიერის პოსტს ჩაიბარებს. ამავე სასესიო კვირაში პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გეკა გელაძეს დაამტკიცებს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, რომ შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა, რადგან განხილული საკითხები ძალოვანი უწყებების კოორდინაციას შეეხებოდა და საჯაროდ დეტალების გამოტანა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

მისი თქმით, კითხვები ძირითადად გადაწყვეტილების აუცილებლობასა და ფუნქციურ მხარეებს ეხებოდა.

"შეხვედრა იყო დახურულ კარს მიღმა, მითუმეტეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები მაინც ეხება ძალოვანი უწყებების კოორდინაციას, ამიტომ ვფიქრობ, რომ კითხვების გარეთ გამოტანა არ იქნება მიზანშეწონილი ჩვენი მხრიდან. თუმცა გეტყვით, რომ კითხვები ეხებოდა ამ გადაწყვეტილების საჭიროებას და ფუნქციურ ასპექტებს. პასუხები იქნა გაცემული კითხვების უმრავლესობაზე ისე, რომ ამ პასუხებს დაემატა ჩვენი მხრიდან კომპრომისი და ამის შემდეგ ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ გადაწყვეტილებას", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები