"ქართული ოცნების" ახალგაზრდა ლიდერებთან სტუდენტებმა საკუთარი იდეები უკვე მკაფიოდ დააფიქსირეს. ინფორმირებულმა და მოაზროვნე ახალგაზრდებმა უნდა შექმნან ის ძალა, რომელიც ხვალ პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის. გასული ოთხი კონფერენციის მსგავსად, დღესაც არაერთი კითხვა ჰქონდათ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საგურამოში მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან შეიკრიბნენ.
დასაქმების მიმართულებასთან ერთად, კითხვა-პასუხის ფორმატში სხვა საკითხებიც დაისვა. მათ შორის ერთ-ერთი საზღვარგარეთ წასული ახალგაზრდების სამშობლოში დაბრუნებას უკავშირდებოდა. სტუდენტები ასევე დაინტერესდნენ, რა იგეგმება რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.
შეხვედრის დროს აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდული სივრცეების შექმნაზეც.
ახალგაზრდებთან შეხვედრას ოლიმპიური პრიზიორი და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი ესწრებოდა. მან შეხვედრის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციები დროული და საჭიროა.
კონფერენციის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მათი მიზანი ახალგაზრდებთან მეტი კომუნიკაციაა. ორგანიზაციის ბორდის წევრების თქმით, შეხვედრებზე დასწრების მსურველთა ინტერსი მზარდია.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. მმართველი გუნდის წევრებმა საქართველოს 5 რეგიონში დისკუსიები უკვე გამართეს. ინიციატივის მიზანი დაპირისპირების ნაცვლად ჯანსაღი დისკუსიის ფორმატის შექმნა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მაქსიმალურად ჩართვაა.