"გარდატეხის ასაკი", "პატიმარი 951", "დუმილის კოდექსი", "სტუდია" - გასული წლის საუკეთესო სატელევიზიო ნამუშევრები და პერსონაჟები, რომლებმაც ეკრანებთან მილიონობით ადამიანს მოუყარეს თავი.
"როიალ ფესტივალ ჰოლი" მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში 75-ედ მოექცა. ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის აკადემიამ წლის ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებას უმასპინძლა.
საღამოს მთავარი ტრიუმფატორი "გარდატეხის ასაკი" გახდა. სერიალმა კრიტიკოსები იმით გააოცა, რომ თითოეული ეპიზოდი ერთი უწყვეტი კადრით, მონტაჟის გარეშეა გადაღებული.
"გარდატეხის ასაკი" გასულ წელს ბრიტანეთში ნამდვილ სოციალურ ფენომენად იქცა. მან დიდი დებატები გამოიწვია მოზარდთა ძალადობისა და სოციალური მედიის გავლენის შესახებ.
დრამამ ერთდროულად ოთხი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და ცერემონიის უდავო ლიდერის პოზიცია დაიკავა. განსაკუთრებული ყურადღება 16 წლის ოუენ კუპერმა მიიპყრო, რომელიც BAFTA-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. მან საკუთარი გამოსვლა ჯონ ლენონის სიტყვებით დაასრულა.
საუკეთესო მსახიობის ტიტული სტივენ გრეჰემს ერგო, რომელმაც ამავე სერიალში ოუენ კუპერის მამის როლი განასახიერა. დაჯილდოებისას წარმოთქმულ ემოციურ სიტყვაში გრეჰემმა ახალგაზრდა თაობას მოუწოდა, საკუთარი შესაძლებლობები ირწმუნონ და ოცნებებისკენ სწრაფვა არ შეწყვიტონ.
წლევანდელმა დაჯილდოებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კრიტიკოსები უპირატესობას რეალურ, მძიმე და ადამიანურ ისტორიებს ანიჭებენ.
"პატიმარი 951" რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული დრამაა.
ნარგეს რაშიდიმ საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის კატეგორიაში გაიმარჯვა. მან ეკრანზე ნაზანინ ზაღარი-რეტკლიფის ტრაგიკული ისტორია გააცოცხლა. რაშიდიმ გამარჯვება თავად ნაზანინსა და მის ოჯახს მიუძღვნა, რასაც დარბაზში მყოფების ოვაციები მოჰყვა.
ინტელექტუალური სცენარი, ემოციური ინტენსივობა და თანამედროვე სოციალური რეალობის ზუსტი ასახვა - წლის საუკეთესო დრამა "დუმილის კოდექსი" გახდა.
"სტუდია" 2025 წლის სატირაა. სერიალი ჰოლივუდის კინოინდუსტრიის შიდა სამყაროს ასახავს. სიუჟეტის ცენტრში სტუდიის ხელმძღვანელი დგას, რომელიც სწრაფად ცვალებად ჰოლივუდში ცდილობს გადაარჩინოს კომპანია, სადაც ყველაფერს სტრიმინგი, ფრენჩაიზები და ფინანსური წნეხი განსაზღვრავს.
29 კატეგორიაში გამარჯვებულები დარგის პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ გუშინ გამოავლინა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი