პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ვეტერან "დინამოელებს" ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა.
მთავრობის მეთაურმა საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა 1981 წლის "თასების მფლობელთა თასზე" თბილისის "დინამოს" გამარჯვების ისტორიულ მნიშვნელობას და ვეტერან "დინამოელებს" ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
"45 წელია გავიდა 13 მაისის შემდეგ და როცა ვუყურებდით კადრებს, მატჩის მომენტებს, გოლებს დღემდე არ ნელდება ემოციები, რომელიც თავის დროზე, რა თქმა უნდა, იყო ბევრად უფრო მძაფრი. განსაკუთრებული ემოციებით გვავსებს ეს ყველაფერი დღემდე. ჩვენი სიამაყის საგანია ის ფინალი, ის დინამო, თბილისის ოქროს თაობა. მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ. მინდა, მოვიგონო გუნდის ის წევრები, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად აღარ არიან და მათ მადლობა მინდა გადავუხადო.
მადლობა თქვენ, დინამოელებს, ოქროს თაობას, რომელმაც შექმენით განსაკუთრებული ისტორია, დაწერეთ განსაკუთრებული ისტორია არა მარტო ფეხბურთისთვის, ქართული სპორტისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. ეს გამარჯვება გახდა განსაკუთრებული შთაგონების წყარო სპორტსმენების არაერთი თაობისთვის. სწორედ თქვენი მიღწევის დამსახურებაა ის, რომ ქართული სპორტი მუდმივად ვითარდება და აღწევს სხვადასხვა წარმატებებსა და გამარჯვებებს. მინდა, ქართულ ფეხბურთს ვუსურვო დიდი გამარჯვებები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.