06 ოქტომბერი 2026,   10:38
ვრცლად
"არ შეიძლება, ერთ სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოში ჰქონდეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობა, მით უმეტეს - დაფინანსებული" - გია ვოლსკი

არასამთავრობო ორგანიზაციების ლობიზმი და ქვეყანაში ენჯეოების გაუმჭირვალედ საქმიანობის სურვილი - "ქართული ოცნება" ALDE-ს პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს.

უცხოური პოლიტიკური პარტია ALDE ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს - მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა. ALDE-ს ჯგუფში შედის ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილიც.

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა წერილი უკვე გაუგზავნა კაია კალასს და მარტა კოსს, რომლებიც ამავე ალიანსის ლიდერები არიან.

"ქართულ ოცნებაში" იმ პარტიის მოთხოვნა, რომელსაც 720-კაციან ევროპარლამენტში 55 დეპუტატი ჰყავს, აბსურდულად მიაჩნიათ, რადგან იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ALDE-ს არგუმენტად მოჰყავს, საქართველოში საქმიანობა არავის აუკრძალია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ALDE-ს პოლიტიკური მიკერძოება მარტივი დასანახია.

"არ შეიძლება, ერთ სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოში ჰქონდეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობა, მით უმეტეს - დაფინანსებული. სასანქციო არაფერი არ არის და, თუკი ჯანსაღად შევხედავთ, ადვილად დავინახავთ ამ პოლიტიკურ მიკერძოებას.

მათი იდეაა, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, როგორმე ეს ქვეყანა ჩართონ იმ დაპირისპირებებში, რომელიც, სამწუხაროდ, მიმდინარეობს მსოფლიოში. ვითომ ხელისუფლებას ებრძვის, ამ დროს, რეალობაში, იდეა, აზრი, საბოლოო მიზანი, სწორედაც ქვეყნის დამარცხებას ითვალისწინებს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მაგალითად გერმანული "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის" ოფისი NGO-მ თავად დახურა, მიზეზად კი გამჭვირვალობის კანონი დაასახელა.

 

დღის ამბები