01 აგვისტო 2026,   19:44
ვრცლად
ფრიდონ და ზაზა ხალვაშებმა დაგვიტოვეს ოჯახური და ეროვნული საგანძური, მემკვიდრეობა, რომელიც თაობებს გადაეცემა - ცოტნე ანანიძე

პოეტი და საზოგადო მოღვაწე ფრიდონ ხალვაში გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ და ზურაბ პატარაძემ, ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო მაისურაძემ.       

"სიმბოლურია, რომ ჩვენი კუთხის საამაყო შვილების, ფრიდონ ხალვაშისა და მისი ვაჟის, ცნობილი კონორეჟისორის, ზაზა ხალვაშის დაბადების დღეები, ოჯახის სიწმინდის დღეს - 17 მაისს, დაემთხვა. დღეს, ბატონ ფრიდონს - 101, ხოლო ზაზა ხალვაშს - 69 წელი შეუსრულდებოდა. მათ დაგვიტოვეს ოჯახური და ეროვნული საგანძური, მემკვიდრეობა, რომელიც თაობებს გადაეცემა", - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.

ფრიდონ ხალვაში სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი, შოთა რუსთაველის სახელობის, სხვა არაერთი პრემიის ლაურეატი და 50-მდე წიგნის ავტორი.

ზაზა ხალვაში ავტორია ფილმებისა - "ჟამი", "აქ, ჩვენთან", ​"მიზერერე", "ნამე", "მგლების ხორუმი" და სხვა. მიღებული აქვს პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზები და ჯილდოები.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მწერალთა ეროვნული კავშირის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით თედორაძემ, ფრიდონ ხალვაშის შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა.

პოეტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი დეკანოზმა სერგი რუხაძემ გადაიხადა. შეკრებილებმა ქვეყნის, მისი ძირძველი კუთხის საამაყო შვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ისაუბრეს ფრიდონ და ზაზა ხალვაშების მოღვაწეობაზე, მათ დამსახურებაზე ქვეყნისა და ერის წინაშე.

ღონისძიებას, ფრიდონ და ზაზა ხალვაშების ოჯახის წევრებთან ერთად, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, მწერალთა ეროვნული კავშირის აჭარის ორგანიზაციის, ჩოხოსანთა დასისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღის ამბები