ტანსაცმელსა და ხელბარგში დამალული ნარკოტიკით საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ორი მოქალაქე თურქეთიდან ცდილობდა. სამართალდამცველებმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საეჭვო მოქალაქეები გადაამოწმეს და ადგილზე დააკავეს.
"კურიერმა" ერთ-ერთი დაკავებულის ვინაობა გაარკვია. 50 წლის კაცი, რომელსაც საქართველოში 79 აბი "სუბოტექსი" ქურთუკის ჯიბით შემოჰქონდა, საქართველოს მოქალაქეა.
საზღვრის კვეთისას ვიზიტორები რამდენიმეეტაპიან კონტროლს გადიან, მათ შორის სხეულისა და ბარგის სკანირებას. სწორედ ასეთი შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ თურქეთის მოქალაქე საქართველოში ნარკოტიკის შემოტანას საღეჭი რეზინის კოლოფით ცდილობდა.
სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე სხვადასხვა დროს დაკავებულ საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.