თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაითვალისწინა და სუს-ის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე მას შემდეგ გამოაცხადა, რაც სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა პოზიციები დააფიქსირეს და არგუმენტები წარადგინეს. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს. საქმის დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ არც ადვოკატები და აცხადებენ, რომ ხელი გაუთქმელობაზე აქვთ მოწერილი.
სასამართლო პროცესის შემდეგ, პროკურორმა იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რაც სისხლის სამართლის საქმეში დევს. გამოძიებით ირკვევა, რომ ახობაძე დიდი ოდენობით ქრთამს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დაეუფლა. საქმე ეხება 2024 წლის აპრილში ჩადენილ დანაშაულს. ამ პერიოდში ლევან ახობაძე გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
დანაშაულებრივი სქემა სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გაშიფრა. გამოძიების ინფორმაციით, ორი წლის წინ, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, კერძო მეწარმეს არადეკლარირებული 40 მილიონი რუსული რუბლი ჩამოართვეს, რაც იმ პერიოდში მილიონ 164 ათასი ლარის ეკვივალენტი იყო. გამოძიების ინფორმაციით, ახობაძე მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დაუკავშირდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებაში დახმარებას 500 ათასი ლარის სანაცვლოდ დაჰპირდა.
საქმეში არსებული ერთ-ერთი ჩვენების მიხედვით, ახობაძის მიერ მოთხოვნილი ქრთამის ოდენობა, ნახევარი მილიონი ლარი მას შემდეგ განახევრდა, რაც საქმეში სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ჩაერთო. ამავე ჩვენებიდან ირკვევა, რომ ლილუაშვილმა ახობაძეს მოსთხოვა, ქრთამის სახით არა ნახევარი მილიონი, არამედ 250 000 ლარი აეღო. გამოძიების ინფორმაციით, ქრთამის სახით გადახდილი თანხა იმავე დღეს, ახობაძეს მისსავე სამუშაო ოთახში გადასცეს.
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი გუშინ დააკავეს. გამომძიებლებმა ახობაძის სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია ამოიღეს. ლევან ახობაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქმეზე გამოძიებას განაგრძობს.