05 ივნისი 2026,   17:44
ვრცლად
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ფურცელაძე აშშ CDC-ის გრიპის პროგრამის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონულ დირექტორ ვილიამ დევისს შეხვდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების გრიპის პროგრამის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონულ დირექტორ ვილიამ დევისს შეხვდა.

შეხვედრაზე გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსების ზედამხედველობის სისტემების საკითხები განიხილეს, რომელშიც საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია. აღინიშნა, რომ ქვეყანაში ეფექტურად ფუნქციონირებს ძლიერი ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემა და მიმდინარეობს ცირკულირებადი ვირუსების მუდმივი მონიტორინგი.

შეხვედრაზე თემატური პრეზენტაციები ცენტრის დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძემ და CDC-ს გრიპის პროგრამის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონულმა დირექტორმა ვილიამ დევისმა წარადგინეს.

ვიზიტის ფარგლებში, ვილიამ დევისმა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ოპერაციული ცენტრი და რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი მოინახულა, რომლებიც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის უმნიშვნელოვანეს საყრდენს წარმოადგენს.

მხარეებმა სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების მიმართულებით.

შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეები – პაატა იმნაძე, ირმა ხონელიძე, ეკა ადამია და ცენტრის თანამშრომლები, ასევე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების სხვა ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები