07 ივნისი 2026,   11:51
ვრცლად
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 20:00 საათზე დაიხურება.

კენჭისყრაში მონაწილეობს მოქმედი პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია. ასევე "ძლიერი სომხეთის" წარმომადგენელი, სამველ კარაპეტიანი, "სომხეთის ალიანსი" და მისი ლიდერი, სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, ასევე, გაგიკ წარუკიანის "სომხეთის კეთილდღეობა".

არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით 2.5 მილიონამდე რეგისტრირებული ამომრჩეველი სარგებლობს.

არჩევნები დაკავებებისა და ჩხრეკების ფონზე მიმდინარეობს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ოპოზიციური პარტიის ექვსი წევრი, ასევე დააპატიმრეს ერევნის ყოფილი მერი და ყოფილი მინისტრი.

გაგიკ ბეგლარიანი ერევნის მერი 2009 წელს გახდა, 2012 წლიდან კი ორი წლის განმავლობაში ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ის ბრალდებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში.

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს ოპოზიციური პარტიის, "ძლიერი სომხეთის" ექვსი წევრი. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით იტყობინება.

უწყების ცნობით, დეპუტატების დაკავება მოხდა სისხლის სამართლის საქმეზე და უკავშირდება რამდენიმე პირის მატერიალურ წახალისებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ სომხეთის ქალაქ გიუმრიში დილიდან ჩხრეკა და დაპატიმრებები დაიწყო.

სამართალდამცველები შევიდნენ ბლოკ "სომხეთის" შტაბ-ბინაში. დაკავებულია დეპუტატობის კანდიდატი ჰასმიკ საჰრადიანი. უსაფრთხოების სამსახური დილიდან ჩხრეკას ატარებს "ძლიერი სომხეთის" შტაბ-ბინასა და ადამიანის უფლებათა დამცველ კარაპეტ პოღოსიანის ბინაშიც.

დღის ამბები