06 ივნისი 2026,   23:12
ვრცლად
"მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" - სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი დღეს მაყურებლის წინაშე პრემიერით წარსდგა

"მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" - სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი დღეს მაყურებლის წინაშე პრემიერით წარსდგა.

ნოდარ დუმბაძის ცნობილი მოთხრობის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა მაია ჩართოლანმა დადგა.

35 წლის შემდეგ სცენაზე დაბრუნება - მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი - მზია მაჩიაძე ამ სპექტაკლისთვის მრავალწლიანი პაუზის შემდეგ მონატრებულ მაყურებელს შეხვდა.

ამ სპექტაკლზე მუშაობა რეჟისორისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო - მაია ჩართოლანმა ზურიკელას როლის შესრულება მოყვარულ მსახიობს შესთავაზა.

მსახიობების შესრულებამ მაყურებელს საშუალება მისცა კიდევ ერთხელ შეეგრძნო ის ემოციები, რომელმაც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები თაობების საყვარელ ისტორიად აქცია.

ნოდარ დუმბაძის ცნობილი მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ახალგაზრდა ბიჭის ურთიერთობებზე მოგვითხრობს. იუმორით და ამავე დროს სევდით სავსე ამბავი ზურიკელას თვალით დანახულ ცხოვრებას ასახავს. პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა. სპექტაკლს ყველა ასაკის მაყურებელი ესწრებოდა. დარბაზში იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის წევრებიც.

"მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" - სპექტაკლით დღეს თეატრმა სეზონი დახურა. წარმოდგენის კიდევ ერთხელ ნახვას მაყურებელი შემოდგომიდან შეძლებს.

ავტორი: თიკო ლობჯანიძე. 

დღის ამბები