06 ივნისი 2026,   22:53
ვრცლად
შსს: გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია, მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ უწყებისა და თითოეული პოლიციელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პოლიციელმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და
უცხოეთში იმყოფებიან, სიმართლეს არ შეესაბამება:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში გაჟღერებულ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომ თითქოს გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პოლიციელმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და უცხოეთში იმყოფებიან.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გადაცემაში ნახსენები პოლიციის თანამშრომელი, შოთა მარუაშვილი გორში მომხდარი ინციდენტის დროს და არც შემდეგ შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, ხოლო გადაცემაში ნახსენები კიდევ ერთი სამართალდამცველი, ბესიკ ქვრივიშვილი ადგილზე გამოცხადდა მომხდარის შემდგომ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ უწყებისა და თითოეული პოლიციელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედიასაშუალებებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ ფაქტობრივი გარემოებები შესაბამის უწყებაში, რათა საზოგადოებას მიეწოდოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია,"- აღნიშნულია ინფორმაციში. 

დღის ამბები