09 ივნისი 2026,   01:11
ვრცლად
მართლა ბევრი კრიტერიუმით წინ ვართ, ვინ გედავებათ? უკრაინა ერთ-ერთი მოწინავე იყო მსოფლიოში კორუფციით. მაგრამ კორუფცია იქნება ეს თუ სხვა, არ არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - სანდრო რაქვიაშვილი ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე

"ჩვენ მართლა ბევრი კრიტერიუმით წინ ვართ, ვინ გედავებათ? კორუფციით, ჯერ კიდევ ბენდუქიძის რეფორმების შედეგად ისე გავასწარით ამ ქვეყნებს, მით უმეტეს, უკრაინა ერთ-ერთი მოწინავე იყო მსოფლიოში კორუფციით. მაგრამ კორუფცია იქნება ეს თუ სხვა, არ არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი," - ამის შესახებ პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა "დებატების" ეთერში განაცხადა.

რაქვიაშვილის შეფასებით, საქართველო კორუფციის დაბალი დონისა და სხვა არაერთი მაჩვენებლის მიხედვით მოლდოვასა და უკრაინას უსწრებს, თუმცა, მისი თქმით, ეს არ არის მთავარი კრიტერიუმი. როგორც მან აღნიშნა, დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი პოლიტიკური თავისუფლება და კონკურენტული პოლიტიკური გარემოა.

მისივე განცხადებით, უკრაინაში ისტორიულად არსებობდა სხვადასხვა გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფის კონკურენცია და ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობა, მაშინ როდესაც საქართველოში, მისი შეფასებით, ერთპიროვნული მმართველობის მოდელია ჩამოყალიბებული. რაქვიაშვილმა ასევე ისაუბრა მოლდოვის პოლიტიკურ განვითარებასა და ევროკავშირის დამოკიდებულებაზე საქართველოსა და მოლდოვის მიმართ.

"ჩვენ მართლა ბევრი კრიტერიუმით წინ ვართ, ვინ გედავებათ? კორუფციით, ჯერ კიდევ ბენდუქიძის რეფორმების შედეგად ისე გავასწარით ამ ქვეყნებს, მით უმეტეს, უკრაინა ერთ-ერთი მოწინავე იყო მსოფლიოში კორუფციით. ისე გავასწარით, რომ კაი ხანი ვერ დაგვეწევიან, რომც არაფერი ვაკეთოთ. მაგრამ კორუფცია იქნება ეს თუ სხვა, არ არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, იმიტომ, რომ თუნდაც ევროპაშივე რომ ნახოთ კორუმპირებული პოლიტიკოსი, ან სხვადასხვა სკანდალი და ა.შ. იმიტომ, რომ როცა პოლიტიკური თავისუფლება გაქვს, შეიძლება შეცდომა დაუშვა, შეიძლება ხალხი შეცდეს და არასწორი ხალხი აირჩიოს არჩევნებზე, მაგრამ იმიტომაც არის ის თავისუფალი, რომ თავზე მოხვეული კი არ აქვს ერთი ადამიანის ნება, [არამედ ბევრი სხვადასხვა ჯგუფი].

უკრაინა კლასიკური მაგალითია ოლიგარქიის, ჩვენ ოლიგარქია არ გვაქვს, ჩვენ ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს. იქ ბევრი სხვადასხვა ჯგუფია, ერთმანეთთან კონკურენციაა, ხან ერთი ადამიანი მოდიოდა, მაშინაც, როცა დემოკრატიის პრობლემა იყო, პრეზიდენტები იცვლებოდნენ და რევოლუციები ხდებოდა. მაგრამ ვერავინ ვერ დააბრალებს უკრაინას, რომ ერთპიროვნული მმართველობა იყო ოდესმე, კუჩვას დროსაც და იანუკოვიჩის და ა.შ.

მოლდოვა ფაქტობრივად არის გადმონაშთი საბჭოთა კავშირის იმპერიალიზმის, იმიტომ, რომ რუმინეთის ნაწილი უნდა იყოს. როგორც გერმანია ოდესღაც გაერთიანდა, ერთი ერი, ისევე რუმინელები არიან, ხელოვნური სახელმწიფოა და არასდროს არავის არ უთქვამს, რომ მოლდოვა რამენაირად წინ არის ჩვენზე, გასაგები ამბავია. ევროკავშირიც ბევრ შემთხვევაში შეფასებებში ჩვენ კრიტერიუმებით წინ გვსვამს, მაგრამ იმათ სხვა მიზანი აქვთ და რუმინეთთან გაერთიანების გზით ცდილობენ ევროკავშირში მისვლას.

სრულიად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს, მაგრამ რაც მთავარია ამ სიტუაციაში ევროპელებიც დამნაშავეები არიან, იმიტომ, რომ როდესაც რეფორმებს ატარებდით, სასამართლო რეფორმაო, ერთი ტალღაო, მეორე ტალღაო, ეს ხომ ფიქცია იყო. ევროპელებმა ჩათვალეს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის თანამშრომლების ერთი ჯგუფი თანამშრომლების მეორე ჯგუფს ზედამხედველობას გაუწევს, ამიტომ დამოუკიდებელი სასამართლო გაჩნდება. ახლა ძალიან კომიკურად გამოიყურება ეს ყველაფერი, რომ ეს ოდესმე შესაძლებელი იყო, მაგრამ მაგათ ეგონათ, რომ რაღაც რეფორმებით, თუნდაც ფასადურით, ძალაუფლებას შეუმცირებდნენ ბიძინა ივანიშვილს და პირიქით მოახდინეს, კონსოლიდაცია მოხდა", - აცხადებს პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები