მორიგი შანტაჟი და მუქარა ვიზალიბერალიზაციის თემით, რომელსაც ადგილობრივი ოპოზიცია პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს - ასეთია პარლამენტის სპიკერის პოზიცია 11 ივნისს ბრიუსელში ჩანიშნულ ტექნიკური ხასიათის შეხვედრასთან დაკავშირებით.
ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოთხოვნით, აუდიენციას ევროპის დედაქალაქში საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები დაესწრებიან. აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ევროპელი ბიუროკრატების ნაწილი კვლავ ცდილობს, საქართველო დიდ გეოპოლიტიკურ თამაშს შესწიროს. უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე გამუდმებული მუქარა კი, მიზნის მიღწევის ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
შეხვედრა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმებას რომ არ ეხება, ეს თავად ევროპულ სტრუქტურაში დღეს განმარტეს. ტექნიკური ხასიათის დიალოგის მთავარი საგანი იმ გარემოებების გამოსწორებაზე მსჯელობა იქნება, რომლებმაც დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვის დაწესება გამოიწვია.
ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა რომ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება იქნება, ამას არც ოპოზიციაში უარყოფენ. ამის მიუხედავად, ევროპელი ბიუროკრატების მიდგომა მაინც ესმით.
ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს მიმართ გაჟღერებული მოთხოვნები, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონების გაუქმებას ეხება, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ბიუროკრატების მხრიდან ვიწრო პოლიტიკური საკითხების ვიზალიბერალიზაციის თემასთან მიბმა ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. მოტივი კი "ქართული ოცნების" მიერ სახელმწიფოებრიობისა და სუვერენული პოზიციების დაცვაა.
ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის ტექნიკური ხასიათის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება.