"თქვენ თუ იცით, რა ოფიციალური მიზეზითაა შეჩერებული დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლა? მართლწესრიგისთვის საფრთხის შექმნა. ანუ, ქართველი დიპლომატები და დიპლომატიური პასპორტის მფლობელი ადამიანები ევროკავშირში მართლწესრიგს უქმნიან საფრთხეს? ეს იყო ოფიციალური მიზეზი მანამ, სანამ დაამატებდნენ პოლიტიკურ კრიტერიუმს და ეს კრიტერიუმი დაემატა მხოლოდ რამდენიმე თვის წინ," - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ "რუსთავი 2" -ის გადაცემაში "დებატები".
სამხარაძის თქმით, დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ოფიციალური არგუმენტი "მართლწესრიგისთვის საფრთხის შექმნა" - სრულიად უსაფუძვლოა.
"რას გვთხოვენ ჩვენ? ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით - პასპორტების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, თავშესაფრის მაძიებლები, რეადმისია - ამ მიმართულებით ვართ ყველაზე კარგი შემსრულებლები ამ საშინაო დავალებისა. რაც შეეხება დამატებით კრიტერიუმებს - მოძრავი სამიზნეები რომ შემოიტანა ჩვენთვის ევროკავშირმა და ჩვენ რომ გვთხოვს, 2/3-ით ავირჩიოთ პროკურორი, ასეთი რამ ევროპაში არსად რომ არ ხდება, ესენია: გამჭვირვალობის კანონის გაუქმება, რომელიც რა შუაშია უვიზოსთან, საერთოდ გაუგებარია; მეორე - ეს არის ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმება; და მესამე, რომელსაც ასევე სვამენ, მაგრამ ასეთი აქტუალობით არა, ეს არის საქართველოს პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უნდა გაუუქმოს სავიზო რეჟიმი იმ ქვეყნებს, ვისთანაც ევროკავშირს არ აქვს სავიზო რეჟიმი და ასეთია ჩვენი მეზობლები, ცენტრალური აზიის ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები - ანუ, ის ქვეყნები, საიდანაც საქართველოში არის ყველაზე დიდი ტურისტული შემოდინება," - განაცხადა სამხარაძემ.