საქართველოს პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. შემთხვევის ადგილზე მისული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორები მის შეჩერებას და მისი ქმედებების აღკვეთას ცდილობდნენ, რა დროსაც ბრალდებულმა ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს დანით დაზიანებები მიაყენა.
"დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.