10 ივნისი 2026,   15:15
ვრცლად
საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში თბილისის გუნდი გამარჯვებული და სპეციალური თასის მფლობელი გახდა

ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, წელს პირველად განხორციელდა მასშტაბური სპორტული პროექტი - საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელშიც თბილისის გუნდმა გაიმარჯვა და სპეციალური თასის მფლობელი გახდა.

ამის შესახებ  თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს სპორტის მიმართულება, რომელსაც დედაქალაქის მთავრობა არ ეხმარებოდეს და, შესაბამისად, შედეგიც სახეზეა, სპორტსმენთა წარმატების სახით.  

"ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, წელს პირველად განხორციელდა მასშტაბური სპორტული პროექტი - საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელშიც თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის გუნდიც მონაწილეობდა. ასპარეზობა სპორტის 17 სახეობაში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 1 200-მა სპორტსმენმა მთელი საქართველოს მასშტაბით. მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ფესტივალში, თითქმის ყველა სახეობაში, ძალიან ღირსეულად, აბსოლუტური  უპირატესობით წარმოჩინდა დედაქალაქის გუნდი, რომელიც პირველი ეროვნული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული და სპეციალური თასის მფლობელი გახდა. ამ და კიდევ სხვა მიღწევების გათვალისწინებით, ნათელია, რომ მუნიციპალური პოლიტიკა, როგორც პროგრამების, ისე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, მოწოდების სიმაღლეზეა და მის მხარდაჭერას მომავალშიც გავაძლიერებთ. არ არსებობს სპორტის სახეობები, რომ ჩვენ არ ვაფინანსებდეთ და არ ვეხმარებოდეთ. შესაბამისად, შედეგიც სახეზეა", - განაცხადა კახა კალაძემ.

მან მადლობა გადაუხადა  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, ასევე, მუნიციპალური სპორტული ცენტრების თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციას.

"მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო თითოეულ მონაწილე სპორტსმენს, რომლებიც აღნიშნული პროექტის მეშვეობით ხელს უწყობენ მასობრივი სპორტის განვითარებას; ორგანიზატორებს, რომლებიც ახორციელებენ მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას", - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები