"ბურთი არის მთლიანად "ქართული ოცნების" მოედანზე და პასუხისმგებლობაც ეკისრება სრულად მას. მილიონობით ჩვენგანი დააყენა უვიზო რეჟიმის დაკარგვის სრულიად რეალური რისკის წინაშე," - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა ბრიუსელში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
როგორც გეგელიამ აღნიშნა, ევროპის მიზანია, საქართველოს რაც შეიძლება მეტი თანხვედრა ჰქონდეს მათთან.
"ჩვენ ვხედავთ რეალობას, რაც არის ის, რომ ევროპას არ სურს, რომ ქართველმა ხალხმა დანაკარგი განიცადოს. ევროპას არ სურს, რომ ჩვენ წავიდეთ უკან. პირიქით, ევროპის მიზანია, რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტი შეხება და მეტი თანხვედრა გვქონდეს ევროპულ კავშირთან," - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.
"ევროკომისიის მიერ უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერება ტენდენციურ ანგარიშს ეფუძნება", - ასე პასუხობს ბრიუსელში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით "კურიერის" კითხვას საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების განმარტებით, მხარეებმა იმსჯელეს ევროკომისიის 6 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომელიც დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო გამონაკლისის დროებით შეჩერებას ეხება.
ქართული მხარის შეფასებით, ევროკომისიის ეს ნაბიჯი დაუსაბუთებელი და უსამართლოა. მიუხედავად ამისა, საგარეო უწყების ცნობით, დიალოგის ფორმატში განიხილეს ევროკავშირის მიერ დასახელებული მიზეზები, გაცემული რეკომენდაციები და მათი შესრულების მიზნით საქართველოში უკვე გატარებული თუ მიმდინარე ღონისძიებები.