"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი პარტია "საქართველოსთვის" მხრიდან "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის კრიტიკას ეხმაურება.
მაჭარაშვილის თქმით, გიორგი გახარიას გუნდის მიერ პროტესტის უფლებებსა და ადამიანის უფლებებზე აპელირება მორალურად გაუმართლებელია, რადგან სწორედ გახარიას შს მინისტრობის დროს, 2019 წლის 20 ივნისს, განვითარებული მოვლენები სტრასბურგის სასამართლოს განხილვის საგანი გახდა.
"ყველა პარტია თვითონ ირჩევს თავის დღის წესრიგს. როდესაც პოლიტიკური გამჭრიახობა არ გაქვს, არასწორ განცხადებებს აკეთებ და ამიტომ მოგდის მარცხი. როდესაც გახარიას პარტია აკეთებს ასეთ განცხადებას ადამიანის უფლებებთან და აქციებთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ამ პარტიის თავმჯდომარე, გახარია, შს მინისტრობის დროს პასუხისმგებლობას იღებდა ყველაფერზე, რასაც არაკანონიერად ჩაიდენდა პოლიციელი, ეს, როგორც მინიმუმ, უხერხულია," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილის განცხადებით, გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი კვლავ აქტუალურია იმ უპასუხო კითხვების ფონზე, რომლებიც 20 ივნისის დარბევის ტაქტიკას უკავშირდება.
"როდესაც გახარიას დღემდე არ გაუცია პასუხი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა - მაგალითად, რატომ ეყენა პოლიციელები ჭიშკრის გარეთ, როდესაც შეიძლებოდა ჭიშკრის შიგნით დამდგარიყვნენ და ნაკლები შეხლა-შემოხლა ყოფილიყო ძალადობრივი აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის - ეს კითხვის ნიშნები აქვს სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს. სტრასბურგის სასამართლო რომ გედავება გახარიას, რატომ დაარბიე აქციაო, შენ როგორ უნდა საუბრობდე იმაზე, აქციებთან დაკავშირებული პროცესები იყო თუ არა უფლებების დარღვევით?" - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.