"ევროკომისიის მიერ უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერება ტენდენციურ ანგარიშს ეფუძნება", - ასე პასუხობს ბრიუსელში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით "კურიერის" კითხვას საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების განმარტებით, მხარეებმა იმსჯელეს ევროკომისიის 6 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომელიც დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო გამონაკლისის დროებით შეჩერებას ეხება.
ქართული მხარის შეფასებით, ევროკომისიის ეს ნაბიჯი დაუსაბუთებელი და უსამართლოა. მიუხედავად ამისა, საგარეო უწყების ცნობით, დიალოგის ფორმატში განიხილეს ევროკავშირის მიერ დასახელებული მიზეზები, გაცემული რეკომენდაციები და მათი შესრულების მიზნით საქართველოში უკვე გატარებული თუ მიმდინარე ღონისძიებები.
ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტიმ განმარტა, თუ რა საკითხებს შეეხებოდა ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრა.
"შეხვედრა იყო ტექნიკური დონის რომელიც ფოკუსირებული იყო იმ საკითხებზე, რომლებმაც ვიზების შეჩერების მექანიზმის გააქტიურება გამოიწვია. კომისიამ დეტალურად განმარტა, თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც ეხება დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებს. ქართულმა მხარემაც წარმოადგინა თავისი თვალსაზრისი. დისკუსია ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში წარიმართა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ახლა ანგარიშს წარუდგენენ თავიანთ ხელმძღვანელობას და იქ განიხილავენ საკითხის არსსა და შესაძლო მომავალ ნაბიჯებს," - აღნიშნა მარკუს ლამერტიმ.