13 ივნისი 2026,   22:32
ვრცლად
ინფორმაციის დამალვა თუ მანიპულაცია - შსს "ტვ პირველს" მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო "ტვ პირველს" სრულყოფილი ინფორმაციის დამალვასა და საგამოძიებო უწყებების მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. საუბარია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ გადაცემის ანონსზე, რომელშიც პოლიციელების მიერ ჩადენილი ძალადობაა ასახული, თუმცა არ არის აღნიშნული, რომ ფაქტი 2022 წელს მოხდა და ძალადობაში მონაწილე პოლიციელები უკვე დაკავებულები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის ფაქტი 4 წლის წინ, აჭარაში მოხდა, დანაშაულში მხილებული სამივე პოლიციელი კი პროკურატურამ დააკავა. ძალოვანი უწყების განმარტებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. პროკურატურისა და შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიას ჰქონდა, თუმცა მიზანმიმართულად დამალა.

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა - ასე აფასებს დედაქალაქის მერი "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ანონსს. კახა კალაძის თქმით, უმძიმეს ფაქტს, რომელიც გენერალურმა ინსპექციამ გამოავლინა, უკვე მოჰყვა შესაბამისი რეაგირება - საქმე გახსნილია, დანაშაულის ფიგურანტები კი დაკავებულები არიან.

სამართლებრივი საქმის პოლიტიზების შანსი ოპოზიციამ ხელიდან არც ამჯერად გაუშვა. ოპოზიციის ნაწილმა იმ პირების დასჯაც მოითხოვა, რომლებიც ბრალდებულების სახით უკვე დაკავებულები არიან.

"ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ანონსს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მანიპულაცია უწოდა პოლიტიკის ექსპერტმა ზაზა დობორჯგინიძემ.

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ სცდება კანონის ჩარჩოებს - სამართალდამცველი, რიგითი მოქალაქე თუ მაღალჩინოსანი. მმართველი გუნდის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ, წინა მთავრობისგან განსხვავებით, დღეს სამართალდამცავი უწყებები ნებისმიერ გადაცდომაზე რეაგირებენ. "ქართული ოცნების" თქმით, სისტემური და სისტემატური დანაშაულები 2012 წლამდე ხდებოდა, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით დასტურდება.

ინფორმაციის დამალვით ადამიანებზე ინფორმაციული ძალადობა - ასეთია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასება. არჩილ გორდულაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც განმარტა, თუ რატომ გახდა საჭირო ბიძინა ივანიშვილის კვლავ პოლიტიკაში დაბრუნება და რა შეიცვალა მას შემდეგ.

გუშინდელ ანონსში ეს არ მოხვდა, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძალადობაში მხილებული სამივე პოლიციელი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ბრალდებულების სტატუსით დააკავეს, "ტვ პირველმა" თავადვე რამდენიმე თვის წინ გაავრცელა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები