"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა, აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ქვეყნის ტერიტორიების მშვიდობიან დეოკუპაციასა და დევნილებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქალაქ შუშაში სიტყვით გამოსვლისას ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ურბანული დაგეგმარება საქართველოსთვის მშვიდობის მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.
"საქართველოს მიზანი უცვლელია - ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დე-ოკუპაცია და უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც კონფლიქტების შედეგად საკუთარი სახლები და მშობლიური კუთხეები დაკარგეს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ურბანული დაგეგმარება საქართველოსთვის არა მხოლოდ სივრცითი განვითარების, არამედ მშვიდობის მშენებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად გვევლინება."- განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა ქალაქ შუშაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი და ბორდის წევრები, აზერბაიჯანის მმართველი პარტიის - "ახალი აზერბაიჯანი" - ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით, მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით - "რეგიონული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში - მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში".