16 ივნისი 2026,   16:21
ვრცლად
გვარამიას მიმართ საჯარო სივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელ Facebook-ზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მოქალაქე გიორგი გედენიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შსს-ს ცნობით, 3 ივნისს, გიორგი გედენიძემ სოციალურ ქსელში, "იმედის" პოსტზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენა.

აღნიშნული ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოავლინა. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობდა.

"გიორგი გედენიძემ, უშუალოდ ნიკა გვარამიას მიაღწია შეურაცხყოფა და აგრეთვე, მოიხსენია მისი მხარდამჭერებიც და აგინა მათ. მოგეხსენებათ, რომ შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში შექმნილი ახალი სამმართველო, უშუალოდ მუშაობს სამართალდარღვევებზე, რომელიც ამ შემთხვევაში ეხება სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ივანიშვილისვე ენის გამოხატულებით, სხვადასხვა შეურაცხმყოფელ კომენტარებს თუ პოსტებს. შესაბამისად, აღნიშნულზე მიმდინარეობს მონიტორინგი. ამ სამმართველოს მიერ დაიდენტიფიცირებულ იქნა სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, რომელიც შემდგომში გადმოაგზავნეს სასამართლოში და წარმომადგენლობას უწევს იურიდიული დეპარტამენტი.

რაც შეეხება იმას თუ როგორ შეირჩა, მნიშვნელოვანია ეს კითხვა, ვინაიდან და რადგანაც თავად კომენტარი გავრცელებული იყო სოციალურ ქსელში, მიემართებოდა კონკრეტულ სუბიექტს და სხვა პირთა წრეს. ამ შემთხვევაში, მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. შესაბამისად, სამართალდარღვევის ნიშნების არსებობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პირის მიმართ დაწყებულიყო ადმინისტრაციული წარმოება. ვინაიდან და რადგანაც, სამმართველოს მიზანია, რომ ამგვარი შეურაცხმყოფელი კომენტარები და განცხადებები მოექცეს შესაბამის სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში, როდესაც ქმედება ფიქსირდება, განიხილება და პოლიციელი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სავარაუდო სამართალდარღვევას, როგორც ნებისმიერი ფიზიკური პირის, მოქალაქის მიმართ, აგრეთვე, სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის, საჯარო მოხელის და პოლიტიკური თანამდებობის პირის მისამართით, სიტყვიერ შეურაცხყოფას ექნება ადგილი თუ სხვა ამგვარ მოქმედებას, ეს არის მთავარი მიზეზი რის გამოც ხდება რეაგირება", - განაცხადა შსს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა სალომე ქირიამ.

დღის ამბები