17 ივნისი 2026,   09:58
ვრცლად
ნებისმიერ დროს მზად ვართ ბრიუსელთან დავსხდეთ სასაუბროდ - ლევან მაჭავარიანი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრას კიდევ ერთხელ აფასებენ მმართველ გუნდში.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ქვეყნის დეპუტატებთან კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ჰქონდათ. ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამართა.

მხარეებმა ორმხრივი პარტნიორობა, რეგიონული გამოწვევები, ოკუპაციის შედეგები და საქართველოს მზაობა განიხილეს, რათა ევროკავშირთან დიალოგი ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებულ კრიტიკულ საკითხებზეც განახლდეს.

გარდა ამისა, ლუქსემბურგში დადასტურდა, რომ შემოდგომაზე ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა.

მიმდინარე შეხვედრა შეაფასა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

"ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდნენ ბატონი სამხარაძე და ბატონი მახაშვილი. იყო ნაყოფიერი საუბარი. ოფიციალურმა პირებმა გვკითხეს თუ რა შეუძლიათ გააკეთონ იმისთვის, რომ დიალოგი იყოს აღდგენილი ჩვენსა და ევროკავშირს შორის. ლუქსემბურგი არის წევრი ქვეყანა.

მათი როლი [მნიშვნელოვანია] თუ ხელს შეუწყობენ ამ დიალოგის აღდგენას. არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, რომ ნებისმიერ დროს, მზად ვართ ბრიუსელთან დავსხდეთ სასაუბროდ, ოღონდ ეს საუბარი უნდა იყოს სიღრმისეული, საგნობრივი და შინაარსობრივად გარჩევა უნდა მოხდეს ყველა იმ პრეტენზიის, რა პრეტენზიაც უსაფუძვლოდ და არგუმენტების გარეშე აქვს ბრიუსელს საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები