სააქციო საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზანი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ჩამოყალიბება, რკინიგზის კუთვნილი შავი ლითონის იმ ფორმით რეალიზება, რომ საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა შეუძლებელი ყოფილიყო - ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორს წაუყენა.
"კურიერმა" გაარკვია დაკავებული პირების კომპანიების როლი დანაშაულებრივ სქემაში - საქართველოს რკინიგზამ შპს კახეთს, რომლის მფლობელი და დირექტორი მალხაზ ომარაშვილია, ჯართის ტრანსპორტირებისთვის 2 კონტრაქტი გაუფორმა. მას ჯართის შეგროვება და აწონა ევალებოდა, თუმცა, გაყალბებული დოკუმენტაციით 17.4 მილიონი ლარი მიიღო. "კურიერის" ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტაციის მეშვეობით ჯართს მეტალურგიულ ქარხანაში აბარებდა შპს "ჯადექსაც," კიდევ სამშენებლო-სარემონტო კომპანია ხურო და შპს "გრანდ კახეთი."
სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი 2020-21 წლებში მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ საქართველოს რკინიგზის კუთვნილ 22 120 ტონა შავ ლითონს დაეუფლა. მიღებულ თანხას კი, ჯგუფის წევრები პერიოდულად ანაღდებდნენ და ინაწილებდნენ. კომპანიების დაკავებული მფლობელები საქმესთან კავშირს უარყოფენ.
კურიერი დღეს ერთ-ერთი დაკავებულის, ალექსანდრე ტორიაშვილის კუთვნილი კომპანიის მისამართზეც მივიდა. აღმოჩნდა, რომ მას შპს "ჯადექსა" საცხოვრებელ სახლში ჰქონდა დარეგისტრირებული.
სუს-მა გაშიფრა კიდევ ერთი კორუფციული სქემა, რომელიც ასევე საქართველოს რკინიგზაში მოქმედებდა. გამოძიებით გაირკვა, რომ 2022 წლის 29 აპრილს, საქართველოს რკინიგზასა და შპს "რაველდის" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, კომპანიის კუთვნილ ლიანდაგში არსებულ რელსებზე დეფექტების აღდგენის მომსახურების შესახებ. კომპანიის დირექტორმა, რევაზ რევაზიშვილმა კი საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის მაშინდელ დირექტორთან შეთანხმებით, მიღება-ჩაბარების აქტებში ხელოვნურად გაზრდილი მონაცემები დააფიქსირა.
პასუხისგებაში მიცემულ პირებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, გამოძიება კი ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის მიზნით გრძელდება.