16 ივნისი 2026,   22:20
ვრცლად
ალექსანდრ ვუჩიჩის ოფიციალური ვიზიტის მეორე დღე - საქართველო და სერბეთი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

სერბეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის მეორე დღე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრებით გაგრძელდა. ალექსანდარ ვუჩიჩი პრემიერ-მინისტრმა მიიღო. მთავრობის მეთაურსა და სერბეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა პირისპირ, დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა გაფართოებულ ფორმატში გადაინაცვლეს. განსახილველ საკითხთა სიმრავლის გამო შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. მხარეებმა პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობის გარდა ეკონომიკურ და სექტორულ მიმართულებებზე მუშაობის საჭიროებაზეც გაამახვილეს ყურადღება.

გარდამტეხი და ორ სახელმწიფოს შორის ახალი იმპულსი - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი. აქცენტი საქართველოსა და სერბეთს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე გაკეთდა, რომელსაც, ორი ქვეყნის ლიდერის განცხადებით, საერთო ღირებულებების პატივისცემა კიდევ უფრო ამყარებს.

საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული კავშირები უახლოეს მომავალში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებით კიდევ უფრო გაღრმავდება. დოკუმენტზე შეთანხმებისთვის მხარეები ბოლო დეტალებს აზუსტებენ. ერთობლივ პრესკონფერენციაზე სერბეთის პრეზიდენტმა საქართველოს განვითარების ტემპზე ისაუბრა. ყურადღება იმ დინამიკაზე გაამახვილა, რომელსაც ქვეყანა 2012 წლის შემდეგ განიცდის და მაგალითად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დაასახელა. ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, საქართველოს პროგრესს ბევრი ევროპული სახელმწიფო ჩამორჩება და საკუთარ ქვეყანაშიც ისურვებდა იმ მზარდ დინამიკას, რომელსაც საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ინარჩუნებს.

ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების მაღალ დონეზე გადაყვანას ეხებოდა შეხვედრები, რომლებიც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სერბეთის დელეგაციის წარმომადგენლებსა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის გაიმართა. სერბ კოლეგებს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები შეხვდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ სერბეთის პრეზიდენტი დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო. საკანონმდებლო ორგანოში მხარეები გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ.

სერბეთსა და საქართველოს ურთიერთობაში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ორ ქვეყანას საერთო გამოწვევებიც აერთიანებს, მათთან გამკლავებას კი კოორდინირებული მუშაობა სჭირდება.

სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ისტორიულია. ორი ქვეყნის ურთიერთობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო სერბეთის რესპუბლიკის ლიდერის ოფიციალურ ვიზიტს მასპინძლობს. ალექსანდარ ვუჩიჩი ქვეყანას გუშინ ეწვია. იმავე დღეს ის საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდა. ვიზიტი სამდღიანია და ხვალ დასრულდება.

დღის ამბები