16 ივნისი 2026,   22:53
ვრცლად
ოფიციალური ბუქარესტი, რომელიც თბილისს "გამჭვირვალობის კანონის" გამო აკრიტიკებდა, იმავე რეგულაციებს საკუთარ ქვეყანაში იღებს - რუმინეთში, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება სრულ კონტროლს დაექვემდებარება

ოფიციალური ბუქარესტი, რომელიც თბილისს "გამჭვირვალობის კანონის" გამო აკრიტიკებდა, ზუსტად იმავე რეგულაციებს ახლა საკუთარ ქვეყანაში იღებს. იდენტური მეთოდებით იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, აკოპირებს მისთვის ერთ დროს ანტიდემოკრატიულად შეფასებულ კანონს და თან გაცილებით მკაცრი ფორმით. რუმინეთის სენატის გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების მიერ მიღებული ყოველგვარი დაფინანსება, რომელიც 5 000 ლეის, ანუ 1100 დოლარს აღემატება, სრულ კონტროლსა და დეკლარირებას დაექვემდებარება. ვალდებულების შეუსრულებლობა თავდაპირველად ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერებას, საბოლოოდ კი მის გაუქმებას გამოიწვევს.

ბუქარესტის გადაწყვეტილება ოფიციალური თბილისისთვის ორმაგი სტანდარტის მორიგი პრეცედენტია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რუმინეთის სენატში საქართველოს იდენტური კანონპროექტის მიღება კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ჯერ საქართველოში სუვერენული გადაწყვეტილებების მიზანმიმართული დემონიზება, შემდეგ კი ევროკავშირის დედაქალაქებში გადადგმული იმავე ნაბიჯების უალტერნატივო დემოკრატიულ პროგრესად წარმოჩენა.

საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ფონდებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს, მხარი 75-მა სენატორმა დაუჭირა, მათ შორის იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. რუმინელი კანონმდებლების გადაწყვეტილება კი ქართულ ოპოზიციურ პარტიებში დღეს სწორედ იმ პოლიტიკოსებმა მოიწონეს, ვინც საქართველოში "გამჭვირვალობის კანონის" მიღების დროს ძალადობრივ აქციებში ყოველდღიურად მონაწილეობდნენ.

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ევროპის სხვა სახელმწიფოები და მათ შორის უკვე რუმინეთი - ოპონენტებს სახელისუფლებო გუნდიდან შეახსენეს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება, უსამართლო თავდასხმების მიუხედავად, სწორედ საქართველოს მაგალითს მოჰყვა. კრიტიკოსებს დღეს თბილისიდან კიდევ ერთხელ მოუწოდეს, გამოხატონ პოზიცია ამჯერად რუმინეთში საქართველოს მსგავსი კანონპროექტის მხარდაჭერის შესახებ.

"ასოციაციებისა და ფონდების შესახებ" კანონპროექტს რუმინეთის სენატის შემდეგ დეპუტატთა პალატა განიხილავს. ცვლილებების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეკლარაციები ფისკალური ადმინისტრირების ეროვნულ სააგენტოს ყოველწლიურად უნდა წარუდგინონ, ხოლო მონაცემები შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

დღის ამბები