საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი უწყების პოლიტიკურ საკითხთა დირექტორ ვერონიკ დოკენდორფს შეხვდნენ.
ლევან მახაშვილის განცხადებით, უკიდურესად კონსტრუქციულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის, პოლიტიკური დიალოგის აღდგენისა და ორმხრივი პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობას, კონფლიქტებსა და ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა ლოჯისტიკა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა.
"საქართველოს პარლამენტის დელეგაციას გვქონდა ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ განვიხილეთ, როგორც ორმხრივი ურთიერთობების ძალიან ფართო სპექტრი, ამ მხრივ არსებული შესაძლებლობები და ხაზი გავუსვით ამ შესაძლებლობების გამოყენების აუცილებლობას. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებშია - რომ ჩვენ გადავტვირთოთ ეს ურთიერთობები, აღვადგინოთ პოლიტიკური დიალოგი, რათა უფრო მეტი სარგებელი ნახონ ჩვენმა მოქალაქეებმა ამ ურთიერთობებიდან.
ასევე, ინტერესის კვალდაკვალ განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა, ფართო რეგიონში არსებული კონფლიქტები, მაგრამ ამავდროულად შესაძლებლობები, იქნება ეს სავაჭრო ურთიერთობები, ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, თუ სხვადასხვა მიმართულება. ამ მხრივ, ჩვენ შემდგომ ნაბიჯებზეც ვისაუბრეთ და იმედი გვაქვს, ეს ვიზიტები ხელს შეუწყობს, როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებას, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას,"- აცხადებს ლევან მახაშვილი.