კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია "ფორმულას" წინააღმდეგ შეტანილ საჩივართან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. რეჟისორი ტელეკომპანიას ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საუბარია რამდენიმე რეპორტაჟზე, რომელშიც ითქვა, თითქოს ხაინდრავა ადამიანებით ვაჭრობის საქმეში იყო ჩართული და თანხის სანაცვლოდ საქართველოში 2 000 ადამიანის შემოყვანაში მონაწილეობდა.
ხაინდრავას განცხადებით, ეს ინფორმაცია ცილისწამებაა და საქმე არა სამოქალაქო დავას, არამედ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება.
"გუშინდელი სასამართლო პროცესის მერე დამიკავშირდნენ პროკურატურიდან და მე დარწმუნებული ვარ, იმ ცილისწამებაზე, რომელიც მოედინება ამ დაწესებულებიდან, რომელიც გაქცეული კრიმინალის მიერაა დაფუძნებული, ვგულისხმობ "ფორმულას", რომელმაც მე და სუს-ს ერთად დაგვაბრალა არალეგალური მიგრანტების შემოყვანა, რის შედეგადაც ქრთამის სახით 4 მილიონი დოლარი ავიღეთ, [აგებს პასუხს]. ეს არის სახელმწიფო დანაშაული, ეს არის ცილისწამება და ვფიქრობ, ეს უნდა იყოს გამოძიებული, რადგან ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება, არ შეიძლება ეკრანიდან მოედინებოდეს ცილისწამება და სიცრუე," - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მოპასუხე მხარე, ტელეკომპანია "ფორმულა", ხაინდრავას სარჩელს არ ეთანხმება.