22 ივნისი 2026,   15:15
ვრცლად
"რომელი დიდი მოაზროვნე მყავს, რომ ყოველ დილით მის უაზრო ნააზრევზე კომენტარი გავაკეთოთ? პოლიტიკაში არაფერს წარმოადგენს" - თენგიზ შარმანაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"[ნანუკა ჟორჟოლიანი] რომელი დიდი მოაზროვნე მყავს, რომ ყოველ დილით მის უაზრო ნააზრევზე კომენტარი გავაკეთოთ? პოლიტიკაში არაფერს წარმოადგენს და ვერც მომავალში გააკეთებს. მათ არასერიოზულ გადალაგება-გადმოლაგებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შიდა ბრძოლები აქვთ და გააგრძელონ. უამისოდაც განადგურებული არიან და უფრო განადგურდებიან, რადგან არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებენ," - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე ურთიერთბრალდებებსა და კრიზისს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, "მათ არასერიოზულ გადალაგება-გადმოლაგებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს."

"როდესაც მთელი ეს ორგანიზაცია მისი არსებობის განმავლობაში ერთი კაცის მოსაზრებებზე არის დამოკიდებული, დილით როგორ ხასიათზე გაიღვიძებს და შემდეგ შეათანხმებს თუ არა ამ თავის იმპულსურ მოსაზრებებს უცხოელ პატრონებთან, ზოგჯერ ვერც ათანხმებს ხოლმე და მაინც მათ წინააღმდეგ მიდის, შემდეგ ისევ უბრუნდება მათ დანაბარებს, იმდენად ქაოსური ვითარებაა შექმნილი, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გადალაგდებიან და გადმოლაგდებიან," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კვლავ ურთიერთბრალდებები და კრიზისია. პარტიის თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას და ნანუკა ჟორჟოლიანის დასახელებას მოძრაობაში დაპირისპირება მოყვა. ჟორჟოლიანის განცხადებით, პარტიამ ოპოზიციური ალიანსი უნდა დატოვოს. მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ალიანსში შესვლა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო და თავად ამ პროცესს ეწინააღმდეგებოდა. ბოკუჩავა საუბრობს პარტიის შიდა კრიზისზეც.

დღის ამბები