საფრანგეთში, ანომალიური სიცხის ფონზე, წყალში გაგრილებისას 13 ადამიანის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთან, ექსტრემალურმა ტემპერატურამ ხანდაზმულებში ჯანმრთელობის გართულებები გამოიწვია, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ეს ტრაგიკული შემთხვევები მას შემდეგ მოხდა, რაც საფრანგეთში ათასობით სკოლა დაიხურა ან სასწავლო განრიგი შეიცვალა, ევროპის ხელისუფლებამ კი სიცხის ტალღასთან დაკავშირებით გაფრთხილებები გამოსცა. ბრიტანელი სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ამ კვირაში ტემპერატურამ შესაძლოა ივნისის თვის ყველა რეკორდი მოხსნას.
საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ბორდოში ორშაბათს 42°C-ზე მეტ ტემპერატურას ელოდებიან, ხოლო მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ქვეყნის 49 ადმინისტრაციულ ზონაში სიცხის გამო „წითელი“ დონის გაფრთხილებაა გამოცხადებული.
„ჩვენ ვუახლოვდებით, სულ მცირე, რამდენიმე დღიან ძალიან, ძალიან ცხელ ამინდს. არ ვიცით, როდის დაიწყებს ტემპერატურა კლებას“, - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა. ამასთან, საფრანგეთის სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ბანაობა მხოლოდ უსაფრთხო ადგილებში სცადონ.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის აპრილის ანგარიშის თანახმად, ევროპა გლობალურ მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ უფრო სწრაფად თბება. „Reuters Climate Monitor“-ის მონაცემებით, ორშაბათს ევროპა იყო ის კონტინენტი, რომელიც ყველაზე მეტად დაშორდა თავის ისტორიულ ნორმას. პროგნოზის მიხედვით, საშუალო ტემპერატურამ 24°C-ს უნდა მიაღწიოს, რაც 4.1°C-ით აღემატება 1961-1990 წლების ტიპურ მაჩვენებელს.