25 ივნისი 2026,   17:43
ვრცლად
ევროპარლამენტმა თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის მიერ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის საფუძველზე მიღებული რეზოლუცია მკაცრად გააკრიტიკა და მას საქართველოს სუვერენიტეტზე მიტანილი უპრეცედენტო შეტევა უწოდა.

პაპუაშვილის შეფასებით, ევროპარლამენტის ქმედება ფაქტობრივად ნიშნავს ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფას და ხელისუფლების ლეგიტიმურობის განსაზღვრის უფლების „ბრიუსელის პოლიტიკური ბიუროკრატიისთვის“ მინიჭებას, რაც, მისი თქმით, დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების უარყოფა და „ფეოდალური ვასალიტეტის“ ლოგიკის დამკვიდრების მცდელობაა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ რეზოლუციით ევროპარლამენტმა თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას - მაშინ, როდესაც რუსეთი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილს ოკუპირებულად აცხადებს, ევროპარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე.

ამასთან, პაპუაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე განხორციელებულ კრიტიკაზე, რასაც მან ოფიციალური ევროპული ინსტიტუტის მხრიდან პირდაპირი თავდასხმა და საშიში პრეცედენტი უწოდა.

პაპუაშვილის განცხადებით, ეს „პოლიტიკური დივერსია“ აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს და დიალოგის აღსადგენად ევროკავშირის მხრიდან ქმედით ნაბიჯებს, სუვერენიტეტის პატივისცემასა და დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტას მოითხოვს.

"ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპები.

ევროკავშირის სახელით და ევროპული ინტეგრაციის იდეის გამოყენებით, ევროპარლამენტმა, პრაქტიკულად, ხაზი გადაუსვა ქართველი ხალხის მიერ ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს და შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეას.

რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ანგარიშით ევროპარლამენტმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის განსაზღვრის უფლება არა ქართველ ხალხს, არამედ ბრიუსელის პოლიტიკურ ბიუროკრატიას ეკუთვნის; რომ სწორედ მას შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ უნდა მართავდეს საქართველოს და რომელი ხელისუფლებაა მისთვის მისაღები.

ეს წარმოადგენს დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების უარყოფას. დემოკრატია ეფუძნება ხალხის სუვერენულ ნებას, ხოლო ევროპარლამენტი პრაქტიკულად ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის არჩევანის ნაცვლად ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის ნდობით უნდა განისაზღვროს. ასეთ მიდგომაში იკვეთება არა თანასწორ პარტნიორთა კავშირის, არამედ ფეოდალური ვასალიტეტის ლოგიკა, რომლის მიხედვითაც სუვერენიტეტი ხალხის ბუნებრივი უფლება კი არ არის, არამედ ზემოდან მინიჭებული პრივილეგია.

ამგვარად, პრაქტიკულად, ევროპარლამენტმა, თავის ბოლო ანგარიშში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე.

უპრეცედენტოა ისიც, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მოქმედი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე არ გააჩნია სახელმწიფო უფლებამოსილება, ქვეყნის ლეგიტიმურ წარმომადგენლად მოიხსენიებს, ხოლო ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს „დე-ფაქტო ხელისუფლებად“ აცხადებს. მსგავსი დამოკიდებულება უპატივცემულობაა ორი მილიონ ასი ათასი ამომრჩევლის მიმართ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პოლიტიკური ნება გამოხატეს.

ევროპარლამენტის რეზოლუცია მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს არ უპირისპირდება. ის პირდაპირ ეხება საქართველოს სახელმწიფოს მეორე ისტორიულ საყრდენს - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ანგარიშში ეკლესიის მოხსენიება რუსული რელიგიური ქსელებისა და გავლენის ოპერაციების კონტექსტში წარმოადგენს ოფიციალური ევროპული ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკლესიაზე პირველ ღია თავდასხმას და შეურაცხყოფას აყენებს მილიონობით მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს. ამასთან, ეს საშიში პრეცედენტი, აჩენს განცდას, რომ ევროპარლამენტს, როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც, პირველს მოასინჯინეს ნიადაგი მსგავსი თავდასხმებისთვის.

ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ქართულ ეკლესიაზე ერთდროული შეტევა, არსებითად, არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე. როდესაც ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მმართველი პოლიტიკური ძალები ასეთ დეზინფორმაციასა და პოლიტიკურ დივერსიას დუმილით ან მხარდაჭერით პასუხობენ, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ისინი ვერ შეძლებენ თავად ხელი დაიბანონ და პასუხისმგებლობა ყველასგან მოძულებულ ევროპარლამენტს გადააბრალონ. ამიტომ, ჩვენთვის პრინციპულია, რომ ევროკომისია თავშივე გაემიჯნოს ევროპარლამენტის მხრიდან ქართულ ეკლესიაზე ამგვარ უხეშ თავდასხმას.

ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიას ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი საქართველოსთან დიალოგის აღსადგენად. ამისთვის აუცილებელია, შეწყდეს ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკა; დასრულდეს დეზინფორმაცია საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ; სრულად იქნეს აღიარებული საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი და განუხრელად იქნეს დაცული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები.

ფარისევლობაა, როდესაც, ერთი მხრივ, ევროპარლამენტი უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას გმობს, ხოლო, მეორე მხრივ, თავად ცდილობს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი ქართველი ხალხის ნაცვლად გადაწყვიტოს.

საერთაშორისო სამართლისა და ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპების ასეთი შერჩევითი გამოყენება ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი უარს ამბობს სახელმწიფოთა თანასწორობისა და ხალხთა თავისუფალი ნების პატივისცემაზე და მსოფლიოს იმ ეპოქისკენ აბრუნებს, როდესაც ხალხების ბედს მეტროპოლიები განსაზღვრავდნენ და არა თავად ამ ქვეყნების მოსახლეობა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღის ამბები