30 ივნისი 2026,   01:29
ვრცლად
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 500-ს აღწევს - Reuters

ვენესუელაში, ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1500-ს აღწევს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დელსი როდრიგეს ძმამ და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა, რომ კვირას, დაღუპულთა რიცხვი 20-ით გაიზარდა და 1450-ს მიაღწია. მისივე ინფორმაციით, 3150 ადამიანი დაშავდა, 12 721 ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა, ხოლო 774 შენობა ჩამოინგრა.

ამასთან, ოპოზიციის მიერ მართული ვებსაიტის ინფორმაციით, თითქმის 50 000 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ შტატ ლა გუაირაში უცხოური სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ და ძებნა-შველის ოპერაცია აქტიურად გრძელდება.

"სამაშველო, სამძებრო და აღდგენითი ოპერაციები გრძელდება. გადარჩენილები ამოვიყვანეთ, ამიტომ ოპერაციები გრძელდება. ჩვენ ყოველთვის იმედიანად ვართ განწყობილი", - განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა შენობების ვარგისიანობის დასადგენად საპრეზიდენტო კომისიის შექმნის გამოცხადების შემდეგ.

როდრიგესის თქმით, სკოლებში სწავლა კიდევ ერთი კვირით შეჩერდება. ამასთან აღნიშნა, რომ ლა გუაირაში ელექტროენერგია 75%-ით აღდგა.

დღის ამბები