ელენე ხოშტარიას რუსთავის ციხეში დღეს პირადი ექიმი მოინახულებს. ამის შემდეგ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. ექიმი ხოშტარიასთან ცოტა ხნის წინ შევიდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, დაწესებულებაში ექიმის ვიზიტის შემდეგ გადაწყდება ხოშტარიას მკურნალობის შემდგომი ნაბიჯები.
დღეს ამ თემაზე ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს.
ელენე ხოშტარიასთან ექიმების შესვლის შემდეგ, უკვე 14:00 საათზე "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბებიან, სადაც უწყების გადაწყვეტილებას დაელოდებიან.
"ჩვენ აქ ვიმყოფებით იმიტომ, რომ დავაკვირდეთ პროცესებს, რომელიც ელენესთან ექიმების შესვლას უკავშირდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საბოლოო დასკვნისთვის ბოლო ვიზიტს, იმიტომ, რომ ამის შემდეგ 14:00 საათზე გვექნება უკვე შეხვედრა პენიტენციურ სამსახურთან თბილისში, კერძოდ, ჯანდაცვის დეპარტამენტთან და ვიმედოვნებთ, რომ დღეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საბოლოო, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული," - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.