EPP-მ ("ევროპის სახალხო პარტია") ვენაში გამართულ პოლიტიკურ ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც საუბარია უკრაინაში მრავალპარტიული დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაცვის მნიშვნელობაზე.
უკრაინული მედია, ოპოზიციურ პარტია "ბატკივშჩინას" განცხადებაზე დაყრდნობით, წერს, რომ "ევროპის სახალხო პარტიამ" ერთხმად მიიღო რეზოლუცია "უკრაინის ევროპული მომავალი, დემოკრატიული სტაბილურობა და პოლიტიკური პლურალიზმი".
აღნიშნული რეზოლუცია იულია ტიმოშენკოს საქმეზე რეაქცია იყო, რომელსაც თავად "ბატკივშჩინას" ლიდერი პოლიტიკურ დევნას უწოდებს.
"EPP-მ დაგმო ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, არასოდეს გამოიყენოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულება დემოკრატიულ ოპოზიციაზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
ამავე დოკუმენტში ხაზგასმულია "მრავალპარტიული დემოკრატიისა და საპარლამენტო პოლიტიკური პლურალიზმის დაცვის მნიშვნელობა, როგორც უკრაინის დემოკრატიული განვითარების და მისი ევროპული მომავლის განუყოფელი ელემენტებისა".
"ევროპის სახალხო პარტია" კონტინენტზე ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ძალაა.