ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. გერმანიის ელჩმა 4 წლიანი დიპლომატიური მისია ისე დაასრულა, რომ არც აღმასრულებელ და არც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს არ შეხვედრია. პეტერ ფიშერი- რადიკალური პროცესების, ძალადობის წახალისებისა და ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის გამო, არაერთხელ იყო დადანაშაულებული დიპლომატიური ეთიკისა და ვენის კონვენციის მთავარი პრინციპების დარღვევაში, სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მთელი ქართულ-გერმანული ისტორიის განმავლობაში, ფიშერი იყო ერთადერთი დიპლომატი, რომელმაც ორ ქვეყანას შორის 30 წლიანი მჭიდრო ურთიერთ თანამშრომლობა მიზანმიმართულად, მხოლოდ 3 წელში დაანგრია.
შუა საუკუნეებიდან დამყარებული კონტაქტები და 1992 წლიდან დაწყებული ქართულ-გერმანული დიპლომატიური ურთიერთობა, ბერლინიდან მოვლენილ და ისევ ბერლინში გაბრუნებულ ელჩს არც წასვლის წინ გახსენებია. ფიშერმა, საქართველოში დიპლომატიურ მისიასთან ერთად დიპლომატიური კარიერაც დაასრულა და პენსიაზე ისე გავიდა, რომ სოციალურ ქსელში მხოლოდ 3 სიტყვა დაწერა, რომლის ადრესატიც, სავარაუდოდ, სწორედ მისი პარტნიორი, ის ოპოზიციური ჯგუფები იყვნენ, ვისაც საგანგებოდ შერჩეული ამ ფოტოს თანახმად 9 აპრილს, პარლამენტის წინ მიესალმა.
პარტნიორი ელჩის წასვლით მხოლოდ ოპოზიცია, აქტივისტები და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან გულდაწყვეტილი, ვინც ფიშერთან კონსპირაციულ შეხვედრებზე, საქართველოზე თავდასხმებისა და ზეწოლის ბერკეტების სრულად ამოქმედებაზე წლების განმავლობაში ფარულად მსჯელობდნენ. მათ შორის პოლიტიკოსები, ვინც ელჩისა და ევროპელი ბიუროკრატების ინტერესის შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს, ევროკავშირსა, თუ მის სხვადასხვა დედაქალაქშიც თამამად აკეთებდნენ.
მმართველი ძალისთვის, პეტერ ფიშერი კარგი მაგალითია, თუ როგორი არ უნდა იყოს დასავლური ქვეყნის, განსაკუთრებით კი გერმანიის ელჩი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ის იყო დიპლომატი, რომელსაც რეაგირება არ ჰქონია მნიშვნელოვან საკითხებზე- მათ შორის, მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე, საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შესახებ, გავრცელებულ არასწორ ინფორმაციაზე. იყო დიპლომატი, რომელიც საქართველოში პოლარიზაციას წლების განმავლობაში მიზანმიმართულად აღრმავებდა და იყო დიპლომატი, რომლის მთავარი ამოცანაც, ორი ქვეყნის ურთიერთობის დაზიანება იყო. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება ფიშერის წასვლას მიესალმება და ახალ დიპლომატს ელოდება.
გერმანიის ახალი დიპლომატის ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. უფლებამოსილება ამოწურული ელჩი, პეტერ ფიშერი კი საქართველოში დიპლომატიური მისიით 2022-ი წლიდან იმყოფებოდა. სწორედ საქართველო არის ქვეყანა, საიდანაც ფიშერი დიპლომატიურ პენსიაზეც გავიდა.