06 ივლისი 2026,   20:04
ვრცლად
EUobserver - ნატოს ანკარის სამიტი ტესტი იქნება ევროკავშირისთვის

ევროკავშირი ნატოს ანკარის სამიტის წინ რთული გამოწვევის წინაშეა - ბლოკმა უნდა დაამტკიცოს, რამდენად სწრაფად შეუძლია სამხედრო წარმოების ზრდა, აშშ-ის მზარდი მოთხოვნების ფონზე.

როგორც EUobserver-ი ბენჯამინ ფოქსის მასალაზე დაყრდნობით იტყობინება, ამერიკული ადმინისტრაცია ევროპისგან უკვე არა უბრალოდ ტვირთის გაზიარებას, არამედ თავდაცვითი პასუხისმგებლობის ევროპისთვის სრულად გადაკისრებას ითხოვს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ალიანსის წევრი ქვეყნების მისამართით კრიტიკას არ იშურებს. სამიტის წინ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა ირანთან ომში აშშ-ს მხარი არ დაუჭირეს და ვაშინგტონისთვის ალიანსთან არსებული ცალმხრივი ურთიერთობები მიუღებელია.

ანკარაში დაგეგმილი სამიტის მთავარი ლაიტმოტივი სწორედ პასუხისმგებლობის გადამისამართება იქნება, რასაც ამძიმებს აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადება, რომლის თანახმად, ვაშინგტონი ევროპაში საკუთარი სამხედრო ყოფნის ექვსთვიან გადახედვას იწყებს, რაც სამხედრო კონტინგენტის შემცირებას გულისხმობს.

თავის მხრივ, ევროკავშირი ცდილობს, დააღწიოს თავი ამერიკულ სამხედრო ტექნიკაზე დამოკიდებულებას და 800 მილიარდი ევროს მოცულობის პროგრამა SAFE-ის მეშვეობით იარაღის წარმოება დააჩქაროს. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე უკვე აანონსებს, რომ, სამიტის ფარგლებში, არაერთი მსხვილი სამხედრო ხელშეკრულება გაფორმდება, რაც ალიანსის სამრეწველო პოტენციალის ზრდას უნდა ემსახურებოდეს.

ნატოს ანკარის სამიტი 7-8 ივლისს გაიმართება, სადაც მხარეები 2035 წლისთვის თავდაცვითი ხარჯების მშპ-ის 3.5%-მდე გაზრდის გეგმაზე იმსჯელებენ.

დღის ამბები