რობოტი საავადმყოფოში მედპერსონალს ეხმარება, რობოტი ხანდაზმულთა მოვლის ცენტრში ადამიანებს მედიკამენტების მიღებას ახსენებს, რობოტი ქარხანაში მუშაობს - რამდენიმე წლის წინ მსგავსი კადრები მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში თუ გვხვდებოდა. დღეს კი უკვე რეალობად იქცა.
ამ ტექნოლოგიას ჰუმანოიდ რობოტს უწოდებენ. ეს არის ადამიანის მსგავსი აგებულების მქონე მანქანა. ის დაპროგრამებულია, რომ ადამიანის მოძრაობა გაიმეოროს.
განსხვავებით სამრეწველო რობოტებისგან, რომლებიც ერთ ადგილას მხოლოდ ერთ კონკრეტულ მოქმედებას ასრულებენ, ჰუმანოიდი იმ გარემოსთვის შეიქმნა, სადაც ადამიანთან ერთად შეძლებს მუშაობას. მას შეუძლია გააღოს კარი, გადაადგილდეს, აიღოს ნივთი, გამოიყენოს სხვადასხვა ხელსაწყო და შეასრულოს ის სამუშაო, რომელსაც დღეს ადამიანი აკეთებს.
თუ აქამდე ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ კომპიუტერის ეკრანზე არსებობდა, დღეს ის უკვე ფიზიკურ სამყაროში გადმოვიდა და ჩვენს გვერდით იწყებს მუშაობას.
"ჰუმანოიდი რობოტების შექმნა მხოლოდ მექანიკური და კინეტიკური გამოწვევა აღარ არის. ყველაზე დიდი სირთულე ხელოვნური ინტელექტისა და ფიზიკური მოძრაობის ერთმანეთთან შერწყმაა. ამისთვის რობოტებმა სხვადასხვა გარემოში გამოცდილება უნდა დააგროვონ, რასაც კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება. რეალურ ტექნოლოგიურ გარღვევას 2030 წლისთვის ველოდებით" - აცხადებს რობოტიკის პროფესორი, შიგეკი სუგანო.
ევროპასა და აზიაში უკვე მიმდინარეობს საპილოტე პროგრამები, სადაც მათ სრულიად განსხვავებულ როლს ანდობენ.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რობოტებს უკვე ხანდაზმულთა მოვლის ცენტრებშიც ცდიან. აქ მათი მთავარი ამოცანა არა ფიზიკური შრომა, არამედ ადამიანებთან ინტერაქციაა.
ავსტრალიაში ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევის მიხედვით, დემენციის მქონე მოხუცებს რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰუმანოიდ რობოტებთან დამოუკიდებლად ჰქონდათ ურთიერთობა. რობოტი მათ ესაუბრებოდა, მოძრაობისკენ მოუწოდებდა და სხვადასხვა აქტივობაში რთავდა. კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეთა უმეტესობა რობოტთან აქტიურად თანამშრომლობდა და დავალებებს ადამიანის მუდმივი დახმარების გარეშე ასრულებდა.
მსგავსი ტექნოლოგიები დღეს უკვე განიხილება როგორც დამხმარე საშუალება იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა სწრაფად ბერდება და მომვლელების დეფიციტი სულ უფრო მწვავე პრობლემაა. ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით აქტიურად ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ინერგება. მეცნიერების მიზანია, გაარკვიონ, რამდენად შეუძლია ჰუმანოიდ რობოტს შეამსუბუქოს მომვლელების დატვირთვა და გააუმჯობესოს ხანდაზმული ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება.
"თუ რობოტები ჩვენს ყოველდღიურ საქმეში დაგვეხმარებიან, ეს ნამდვილად დიდი შვება იქნება. მაგრამ, მეორე მხრივ, მაფიქრებს, რამდენად შეძლებენ იმ ყურადღებისა და სითბოს გამოჩენას, რასაც ადამიანები ყოველდღიურად ვაძლევთ ხანდაზმულებს. ზრუნვა მხოლოდ დავალებების შესრულება არ არის. ეს ადამიანური ურთიერთობაცაა", - აცხადებს იაპონელი მოხუცთა მომვლელი.
თუმცა, მიუხედავად სწრაფი პროგრესისა, მეცნიერების ნაწილის შეფასებით, ჰუმანოიდი რობოტები უახლოეს მომავალში ადამიანის სრულფასოვან ჩანაცვლებას ვერ შეძლებენ.
მანქანებს შეუძლიათ დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება და ერთფეროვანი სამუშაოს დაუღალავად შესრულება. თუმცა არ აქვთ ცნობიერება, ემპათია და ადამიანური ემოციების სრულფასოვნად აღქმის უნარი. არაპროგნოზირებად გარემოში მოქმედება დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება.
სწორედ ამიტომ, უახლოეს მომავალში მათი მთავარი დანიშნულება ადამიანის არა ჩანაცვლება, არამედ მისი დახმარება და მასთან თანამშრომლობა იქნება.
როგორ შეიცვლება შრომის ბაზარი? რომელ პროფესიებს შეეხება ტექნოლოგიური რევოლუცია? რამდენიმე ათეული წლის წინ ასეთი მომავალი მხოლოდ წიგნების ფურცლებზე არსებობდა. დღეს რობოტის მიერ გადადგმული ერთი ნაბიჯი კაცობრიობისთვის შესაძლოა უზარმაზარი ნახტომის დასაწყისი აღმოჩნდეს.
ავტორი: სანდრო სანაია