მერვე დაკავებული გიგა ავალიანის საქმეში და ბრალი, რომელიც დაკავებიდან ორ დღეში დამძიმდა - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს, გიორგი მალანიას, ახლა უკვე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან.
გამოძიების მტკიცებით, სწორედ გიორგი მალანიას დახმარებით მოიპოვა თავდამსხმელმა ალექსანდრე გაბაშვილმა ინფორმაცია ახალგაზრდა მასწავლებლის გადაადგილების შესახებ, დაგეგმა ჩასაფრება და ანგარიშსწორება თანამზრახველებთან ერთად. დაცვის მხარე ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
საქმის ამ ეტაპს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გიგა ავალიანის დედა. ავალიანზე თავდასხმის მოტივად, დანაშაულის მონაწილე არასრულწლოვნები ეჭვიანობას ასახელებენ.
ახალგაზრდა მასწავლებელს პირველი ოქტომბრის ღამეს, თემქის დასახლებაში, სახლთან ახლოს დაესხნენ თავს, უმძიმესი დაზიანებებით ავალიანმა 23 დღე იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
ეკა კუპატაძის განცხადებით, გიგა ავალიანის საქმეზე გამოძიება სრულად არის ჩატარებული და საქმეში არსებული მტკიცებულებები ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს იძლევა. მისივე თქმით, სამართლის აღსრულების მოლოდინი აქვს და დარწმუნებულია, რომ საქმეზე ბრალდებული პირები მაქსიმალურ სასჯელს მიიღებენ.
"საქმე გამოძიებულია სრულად, გამყარებულია უამრავი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებით, სამართლისთვის პროკურორებს ხელი არ უნდა შეეშალოთ ვიღაც მერაბ მალანიას გავლენებით... მჭირდებოდა სწორედ ასეთი ქალბატონის [ეკატერინა ხვედელიძის ] შეხიდებაც და ველოდებოდი კიდეც იცით მისგან უკუკავშირს. ჩვენ ერთად, საქართველოს მოსახლეობამ, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთადაც, ეს ომი მოვუგეთ მკვლელებს. სამართლის ას პროცენტიანი მოლოდინი მაქვს, თავს ვაიძულებ ვიცოცხლო მანამ, სანამ ყველა სავარაუდო დამნაშავე არ მოისმენს მაქსიმალურ სასჯელს", - აცხადებს გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე "კურიერი P.S."-თან.