საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდ ლორდის მოდელით აშენდება.
ამ მიდგომის მიხედვით, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარება-მართვას თავად უზრუნველყოფს.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, "ლენდლორდის" მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას ანაკლიის პორტი განავითაროს არაერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის.
განსხვავებული პოზიცია აქვს "ლელო - ძლიერ საქართველოს". პარტიის გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, პრობლემა არა მოდელში, არამედ ხელისუფლებაშია.
"პრობლემა არ არის მოდელში. 3 მოდელი იყო სხვადასხვა დროს შემოთავაზებული და სამივე მოდელი არის აპრობირებული მოდელი, რომლითაც მუშაობენ და ოპერირებენ საერთაშორისო პორტები. პრობლემა არის ხელისუფლებაში, რომელიც არ არის დაინტერესებული, არცერთი მეთოდის პირობებში რაიმე გააკეთოს. შედეგობრივად, მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ვხედავთ - ანაკლია არ არსებობს ამ ეტაპზე", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.