"ნაციონალური მოძრაობა" ერთ დღეში თავმჯდომარის გარეშე დარჩება. თინა ბოკუჩავას აღნიშნულ პოსტზე ვადა ხვალ ეწურება. ვინ ჩაანაცვლებს ბოკუჩავას და როდის შედგება პარტიის ყრილობა - დეტალები ამ დრომდე უცნობია.
ამასობაში კი, პარტიაში დაპირისპირება პიკს აღწევს. შიდა კრიზისი და ურთიერთბრალდებები პოლიტიკურ მოძრაობაში განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მსჯავდებულმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტი ნანუკა ჟორჟოლიანს შესთავაზა.
ოპოზიციურ პარტიაში არსებულ დაპირისპირებას აფასებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გეგმას წარმატების შანს არ აქვს.
"ეს არ არის აზრთა სხვადასხვაობა, ეს არის არსი მიხეილ სააკაშვილის მმართველობისა, როდესაც მას ეს სადავეები ხელში ჰქონდა და ახლა ცდილობს, იგივე სადავეები მოიმარჯვოს და მართოს ოპოზიციური პროცესი.
ჩერგოლეიშვილი აქ არაფერ შუაშია, სააკაშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა თავი აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონად და ცდილობს, რომ ეს ტრენდი შეინარჩუნოს იმ სცენარში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. ნანუკა ჟორჟოლიანი შეარჩია იმ მექანიზმად, რომლითაც უფრო ადვილად გაატარებს თავის ამ გეგმას, თუმცა წარმატების შანსი არ აქვს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.