"ძალიან ნაყოფიერი ორი დღე იყო. მე მინდა მადლობა გადავუხადო სერბეთისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებს, რომლებიც იყვნენ ინიციატორები ამ შეხვედრის და, ზოგადად, ახალი და უნიკალური ფორმატისა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს გვექნება შესაძლებლობა ერთმანეთთან გვქონდეს კონტაქტი იმ მიღწევებსა თუ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე იქმნება", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციას გამოეხმაურა.
პაპუაშვილის განცხადებით, დეკლარაციაში ხაზგასმულია ის პრინციპები, რომლის გარშემოც გაერთიანდნენ სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები.
"დღეს ბელგრადის დეკლარაციით, ჩვენ დავაფუძნეთ ეს ფორმატი. ასევე, გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნება მუდმივი ფორმატი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე ყოველ წელს შეიკრიბება. ამავე დროს, შეკრებებს შორის, ჩვენ გვექნება როგორც პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე მუდმივი კონტაქტი და კომუნიკაცია, ისე საპარლამენტო სხვადასხვა ფორმატის გამოყენებით.
ყველა ვთანხმდებით, რომ საჭირო არის ერთი ხმით საუბარი ბრიუსელთან, მაშინ, როდესაც მიდის სხვადასხვა ვარიანტებზე ფიქრი ევროკავშირის შიგნით, თუ როგორ მოხდეს ახალი წევრების მიღება. ვხედავთ, რომ ყველანაირი ვარიანტი გვესმის. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი სიტყვა თქვან. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ობიექტები გაფართოების, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ გაფართოების პროცესის მონაწილენი. ევროკავშირის მომავლის თანაშემოქმედები, მისი შინაარსის, ფორმისა და პროცედურების გათვალისწინებით. ეს ერთსულოვნება დღეს ყველა კანდიდატი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის წარმომადგენლებს შორის იყო. გვიხარია, რომ ჩვენ ამ მხრივ თანამოაზრეები ვართ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტი ბელგრადის დეკლარაციას შეუერთდა. დოკუმენტი სერბეთში გამართული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა საინაუგურაციო კონფერენციის ფარგლებში მიიღეს. დეკლარაციაში ხაზგასმულია პარლამენტების მნიშვნელოვანი როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში. დოკუმენტის მიღებამდე შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, სადაც აღინიშნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის გამოცდილების მეტად გაზიარებისა და ურთიერთმხარდაჭერის საჭიროება