საქართველოს პროკურატურამ "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 32 პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ "ქურდული სამყაროს" წევრები, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, აღიარებენ "ქურდულ სამყაროს" და სისტემატურად აწყობდნენ "ქურდულ გარჩევებს". ისინი პირადი სარგებლის მიღების მიზნით, როგორც "კანონიერ ქურდის" მონაწილეობით, ასევე დამოუკიდებლად მოქალაქეებს შორის არსებული დავების გადაწყვეტაში ერთვებოდნენ და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
სამართალდამცველებმა 29 პირი დააკავეს, ორს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო ერთ პირს ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ("კანონიერი ქურდობა"), 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს" წევრობა), 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით ("ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა), 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით ("კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.