09 ივლისი 2026,   00:18
ვრცლად
"თუ ისინი გემებს ცეცხლს გაუხსნიან, სასტიკად გავანადგურებთ" - ჯეი დი ვენსი ჰორმუზის სრუტეში ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმაზე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანელები ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობებს არ ასრულებენ, ამიტომ ისინი გააფრთხილეს, რომ შეერთებულ შტატებს უფლება აქვს, "უპრეცედენტო სიმკაცრით უპასუხოს", თუ ისინი გემების მიმართ ცეცხლის გახსნას გააგრძელებენ.

"ჩვენი შეთანხმების არსი ასეთი იყო: ჩვენ მოვხსნიდით ბლოკადას თუ ისინი შეწყვეტდნენ გემებზე თავდასხმას; მაგრამ თუ გემებს ცეცხლს გაუხსნიდნენ, საპასუხო ზომებს მივიღებდით, თანაც ისეთს, როგორიც აქამდე არასდროს განგვიხორციელებია. სწორედ ეს იყო შეთანხმება. მათ პირობა დადეს, რომ გემებზე თავდასხმას შეწყვეტდნენ, მაგრამ რა მოხდა 24 საათის წინ? მათ კვლავ დაიწყეს გემებისთვის ცეცხლის გახსნა", - განაცხადა ვენსმა მილუოკიში გამართულ ღონისძიებაზე.

"პირობა ძალიან მარტივია: თუ ისინი გემებს ცეცხლს გაუხსნიან, ჩვენ მათ სასტიკად გავანადგურებთ - სულ ეს არის", - დასძინა ვენსმა.

კითხვა, რა ვითარებაა ირანთან დაკავშირებულ შესაძლო კონფლიქტში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი მუქარების ფონზე, ვენსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს "მოქმედების მრავალი ვარიანტი აქვს" ჰორმუზის სრუტის ღიად შენარჩუნების მიზნის მისაღწევად.

"ცხადია, ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა მოხდება დღეს ღამით, მაგრამ პრეზიდენტმა მათ ძალიან მკაფიოდ განუცხადა: ჰორმუზის სრუტე ღია იქნება. ეს ნიშნავს, რომ ნავთობი და გაზი შეუფერხებლად მიეწოდება ამერიკელ ხალხს", - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

"თუ ისინი სრუტის ჩაკეტვას შეეცდებიან, ამერიკელი სამხედროების მხრიდან საპასუხო ქმედება მოჰყვება. სულ ეს არის", - დასძინა ვენსმა.

 

წყარო: CNN

დღის ამბები