"ძალადობრივი ქმედების პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოტივით გამართლება ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია" - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილის ქმედების გამართლების ნებისმიერ მცდელობას. შალვა პაპუაშვილი "ლელოს" პარტნიორი პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან ტერორიზმის დაგმობის აუცილებლობაზეც საუბრობს. მისი თქმით, ან "ლელო" უნდა გაემიჯნოს ტერორიზმს, ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE) პარტია საკუთარი რიგებიდან უნდა გარიცხოს.
ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ოფიციალური ვერსიით, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალითა და ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის გარე ფასადის მინა და სასამართლოს შიდა სივრცეში შეიჭრა. შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის, ადგილზე განთავსებულ ნივთებსა და დოკუმენტაციაზე, მან დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ხანძრის გაჩენა სცადა. თუმცა ჩანაფიქრის განხორციელება მანდატურის სამსახურის თანამშრომლების წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო.
მტკიცებულებების მიუხედავად, ალეკო ელისაშვილის თანაგუნდელები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მას ტერორისტული აქტი არ ჩაუდენია. როგორც სატელევიზიო ეთერებში, ისე სოციალურ ქსელებში, მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსები და მათი მხარდამჭერები სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.
უმძიმესი დანაშაული, რომელიც, მმართველი გუნდის შეფასებით, აგენტურის ლუსტრირებას ახდენს - ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გასაკვირი არ არის, რომ კონკრეტული ჯგუფები საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხელოვნურად შემსუბუქებას ცდილობენ.
ალეკო ელისაშვილის ქმედებებში ტერორიზმის ნიშნებს ვერ ხედავენ მისი თანაგუნდელები. მათი განცხადებით, ელისაშვილი პოლიტიკური ნიშნით იდევნება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მძიმე დანაშაულს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც უნდა მოჰყვეს. მათი შეფასებით, მომხდარზე ALDE-ის დუმილი მიუღებელია. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური გაერთიანება, რომლის წევრიც "ლელოა", საკუთარი უმოქმედობით ტერორიზმის მხარდამჭერი ხდება.
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრებს.
ბრალდების მიხედვით, ალეკო ელისაშვილის ქმედება სპონტანური გადაწყვეტილების შედეგი არ ყოფილა. პროკურატურის მტკიცებით, სასამართლოს კანცელარიაში შეჭრისას მას თან ჰქონდა ჩაქუჩი, ბენზინი, სანთებელა, ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და სხვა ნივთები, რომლებიც ტერორისტული აქტის ჩასადენად სჭირდებოდა. სასამართლოში შეღწევის შემდეგ კი ბენზინი დაასხა როგორც იატაკზე, ისე მაგიდებსა და დოკუმენტებზე. ბრალდების ვერსიით, ელისაშვილი მანდატურებს ფიზიკურად დაუპირისპირდა, ცდილობდა იარაღის გამოყენებას და მათ სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა.