15 ივლისი 2026,   01:33
ვრცლად
სტიქიიდან მესამე დღე კახეთში - თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

სტიქიიდან მესამე დღე კახეთში - თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა რამდენიმე დღეში დასრულდება.

სტიქიის ზონაში უკვე აღდგენილია წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შეფერხებებია ელექტრომომარაგების პროცესში. თუმცა, აღდგენითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს.

სტიქიის ზონაში ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა მუშაობს. მაგრდება ჯებირები. გაწმენდით სამუშაოებში ჩართული არიან მაშველები, მოხალისეები, ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები, კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. შედეგად თელავის ხევის კალაპოტში დაბრუნება უკვე მოხერხდა.

თელავის გარდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც, სადაც დღეს ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირველივე საათებიდან პირადად აკონტროლებს მთავრობის მეთაური. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა შესაბამისი უწყება სტიქიის ზონაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად წარმატებით მუშაობს.

სტიქია კახეთში 12 ივლისს მოხდა. თელავში უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა, კალაპოტი გაარღვია, კავკასიონისა და ალაზნის ქუჩების ნაწილი დატბორა და ინფრასტრუქტურა დააზიანა.

დღის ამბები