უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენების ახალი მექანიზმი დაამტკიცა.
კონსტიტუციაში ცვლილებების ინიციატორი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარია; მისი მიზანია, შექმნას ინსტრუმენტი, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის თანამდებობიდან ჩამოშორებას უზრუნველყოფს.
პეტერ მადიარმა, რომლის პარტიამ "ტისამ" 2026 წლის აპრილის არჩევნებში გაიმარჯვა, შუიოკს გადადგომისკენ ჯერ კიდევ მაისში მოუწოდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პოსტის დატოვებაზე უარი განაცხადა, მმართველმა გუნდმა ამ მიზნით საკონსტიტუციო უმრავლესობა გამოიყენა.
კანონპროექტს 139-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, "ფიდესმა", კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. ახალი რეგულაციის თანახმად, პრეზიდენტს შესწორებაზე ხელმოსაწერად 5 დღე აქვს. დოკუმენტზე უარის თქმის შემთხვევაში, პარლამენტი იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს, რაც პრეზიდენტის უფლებამოსილების ავტომატურად შეაჩერებს.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის გადასაყენებლად კონსტიტუციის ცვლილება და კონკრეტულ პირზე მორგებული კანონმდებლობის მიღება კანონის უზენაესობის პრინციპს არღვევს.
ოპოზიციაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტის გადაყენების მცდელობა ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების სრული კონცენტრაციისკენ გადადგმული ნაბიჯია და მმართველი გუნდი ამით სახიფათო პრეცედენტს ქმნის. რადგან ამ ბერკეტის გამოყენებით მომავალში შესაძლებელი გახდება ნებისმიერი მოქალაქის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება ან მისთვის ბიზნესის ჩამორთმევა.
პროცესს უკვე გამოეხმაურნენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები. Amnesty International-მა ხელისუფლებას პრეზიდენტისთვის სამართლიანი სამართლებრივი პროცედურის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა, საკითხის სიღრმისეული შესწავლა კი Human Rights Watch-მა დაიწყო.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების ქმედებებს "ტირანიას" უწოდებს და აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტს ძალის გამოყენებით ჩამოაშორებენ, უნგრეთს წინააღმდეგობის გაწევის სრული უფლება აქვს.
„დღეს რესპუბლიკის პრეზიდენტს უსწორდებიან, ხვალ კი იმავეს ნებისმიერ ჩვენგანს დამართებენ. თვითნებობა არც კრიტიკას იტანს და არც საკუთარ თავზე კონტროლს. ხელისუფლებას ხელში ისეთი ბერკეტების ჩაგდება სურს, რომლებითაც ნებისმიერს დააკარგვინებს სამსახურს და ნებისმიერს წაართმევს ბიზნესს. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ტირანიის ძალადობრივ მეთოდებს ლეგიტიმურად და კანონიერად. უკანონოდ დასმული ახალი პრეზიდენტი ვერ იქნება ლეგიტიმური, შესაბამისად, ვერც მისი გადაწყვეტილებები იქნება კანონიერი. თუ პრეზიდენტს ძალის გამოყენებით ჩამოაშორებენ უფლებამოსილებას, უნგრეთს წინააღმდეგობის გაწევის უფლება აქვს. და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ!" - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე