15 ივლისი 2026,   03:04
ვრცლად
საბოტაჟის საქმე - მტკიცებულებებით, რომელიც დღეს "ნეიტრალურმა საქართველომ" სასამართლოს წარუდგინა, მომჩივანი ამტკიცებს, რომ 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უცხოეთიდან დაფინანსებული ფართო აგენტურული ქსელის ნაწილია

მტკიცებულებათა ნუსხით, რომელიც დღეს "ნეიტრალურმა საქართველომ" სასამართლოს წარუდგინა, მომჩივანი ამტკიცებს, რომ 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უცხოეთიდან დაფინანსებული ფართო აგენტურული ქსელის ნაწილია, რომელიც საქართველოში კონსტიტუციური წყობილების რევოლუციით დამხობას წლების განმავლობაში ცდილობდა. საჩივრის ავტორებმა წარმოადგინეს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიც, რომელიც მათივე თქმით, ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს ასახავს. ნეიტრალურმა საქართველომ ჯერ გენერალური პროკურატურისგან, ახლა კი სასამართლოსგან მოითხოვა მკაცრი რეაგირება და საქართველოში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენა.

საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასა და ამ საქმიანობის დაფინანსებას 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ედავებიან. თუმცა დღეს მომჩივანის არგუმენტაცია არ მოუსმენია მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძეს და მამუკა ხაზარაძეს. სხდომას ესწრებოდნენ მხოლოდ ბრალდებული ჯაფარიძეები - ბადრი და ზურა გირჩი.

რაც იციან და ღია წყაროებში მოიპოვეს სასამართლოსაც წარუდგინეს. ნეიტრალური საქართველოს წევრებმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ისაუბრეს ოპოზიციის ორგანიზებით და მონაწილეობით გამართულ ძალადობრივ აქციებზე, სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირების მცდელობებსა და სახელმწიფოზე სხვადასხვა ფორმით განხორციელებულ თავდასხმებზე, რომლის მიზანიც კონსტიტუციური წყობილების უკანონო, ძალადობრივი გზით შეცვლა იყო.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კრიმინალურ ბუნებაზე საუბრობს სახელისუფლებო გუნდი. მმართველ პარტიაში უკვე წლებია ამბობენ, რომ მათი ოპონენტები მუდმივად ანტისახელმწიფოებრივად და მხოლოდ უცხო ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.საბოლოო მიზანი, რევოლუციის გზით ხელისუფლების დამხობაა, რაც მმართველი ძალის თქმით, არასდროს გამოუვათ.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, ოპოზიცია ქვეყნის საბოტაჟით, არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იყო დაკავებული - ეს პოლიტიკური კვალიფიკაციაა. რაც შეეხება სამართლებრივს - ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ეს საკითხი სასამართლოს შესაფასებელია.

პროკურატურამ ე.წ საბოტაჟის საქმეზე გამოძიება, "ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მომჩივანმა სასამართლოს წინაშე ჩვენება დღეს მხოლოდ პოლიტიკოსების წინააღმდეგ მისცა, თუმცა ამავე საქმის ფარგლებში გასული წლის მარტსა და აგვისტოში დაყადაღდა ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები. გამოძიების ცნობით, აღნიშნული ფონდების მეშვეობით ხდებოდა ძალადობრივი აქციების მონაწილეებისთვის აღჭურვილობის შეძენა, აქტივისტების ჯარიმების გადახდა და სამართლებრივი დახმარების გაწევა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

დღის ამბები